ე.წ. კორტების საქმე

ჟორჟოლიანი: თუ სპეცრაზმელი დავალებას ასრულებს, ის არ უნდა დაისაჯოს

https://www.facebook.com/gia.jorjoliani.37

რაც პრემიერმინისტრმა სპეცრაზმელებზე თქვა, სწორია, თუმცა შესაძლოა სპეცრაზმელმა სხვა ფორმით მიიღო დანაშაულში მონაწილეობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა.

ჟორჟოლიანი პრემიერმინისტრის სპეცრაზმელებზე ნათქვამს გამოეხმაურა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ უსამართლობაა, დასაჯო სპეცრაზმელი იმისთვის, რომ მან რაღაც დავალება შეასრულა.

„თუ თქვენი ხელმძღვანელი გაძლევთ უკანონო დავალებას, სწორედ ის უნდა იყოს პასუხისმგებელი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ჟორჟოლიანის თქმით, ე.წ. კორტების სპეცოპერაციაში მონაწილე სპეცრაზმელები შესაძლოა დანაშაულში სხვა ფორმით მონაწილეობდნენ.

„შესაძლოა სპეცრაზმელები ზოგიერთ შემთხვევაში დაკავშირებული იყვნენ დანაშაულებრივი გადაწყვეტილების მიღებასთან. ყველა კონკრეტული შემთხვევაა სანახავი. ზოგადად რაც პრემიერმა ბრძანა, სწორია, თანამშრომელი, რომელიც ასრულებს ბრძანებას, პასუხისმგებელი არ არის იმ გადაწყვეტილებაზე. თუმცა შესაძლოა, მან ამ კონკრეტულ შემთხვევაში სხვა ფორმით მიიღო მონაწილეობა ამ გადაწყვეტილების მიღებაში, ან სხვა რამეს ჰქონდა ადგილი“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

ჟორჟოლიანმა კომენატრი არ გააკეთა პოლიციელ ლაშა ჯიხვაშვილის საქმეზე, რომელმაც ეჭვმიტანილი მოკლა და პრემიერმინისტრის განცხადებაზე იმის თაობაზე, რომ პოლიციელმა კრიმინალს სროლა უნდა დაასწროს.

„მე არ ვარ არც გამომძიებელი, არც სამართალდამცველი, კონკრეტულად არც ამ საქმეს ვიცნობ და ამ საქმეზე კომენტარის გაკეთება ჩემი მხრიდან უვიცობა იქნებოდა“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

კომენტარები