EBRD

EBRD-ის ფორუმისთვის მთავრობა 9.5 მილიონ ლარს ხარჯავს

EBRD-ის კონფერენციისთვის სპეციალური ნაგებობები შენდება
mof.ge

ფინანსთა მინისტრმა EBRD-ის ბიზნესფორუმის მოსამზადებელი სამუშაოები დაათვლიერა. ღონისძიებებისთვის ყოფილი პარლამენტის შენობის ეზოში 4 დროებითი ნაგებობა აშენდება, რომელთა ღრებულება 2.6 მილიონზე მეტს შეადგენს, ასევე გარემონტდება მოსწავლე-ახალგზარდობის სასახლე. დელეგაციების ოფისების კომპიუტერებითა და სხვა ინვენტარით აღჭურვისთვის კი 1.3 მლიონი ლარია ბიუჯეტიდან გამოყოფილი. ყველაზე დიდი თანხა, 4.7 მილიონი ლარი ავტომობილების შესყიდვისთვის უკვე დახარჯულია. ნოდარ ხადურის თქმით, მომავალში ეს ავტომობილები იმ ჯიპებს ჩაანაცვლებენ, რომლებიც მინისტრებს ემსახურებიან. ბიზნესფორუმისთვის პარლამენტის ყოფილ შენობაში 491 კარიც შეიცვლება, რისი ღირებულებაც 895 ათას ლარს შეადგენს.

ფინანსთა მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ღონისძიებისთვის შექმნილი ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს სამსახურში დარჩება, თუმცა მშენებარე ნაგებობები დროებითია და მათი დაშლისთვის სახელმწიფომ დამატებითი სახსრები უნდა დახარჯოს, რაც ხარჯების შემცირების პოლიტიკასთან არც თუ თავსებადია.

მოსამზადებელი სამუშაოები ფინანსთა მინისტრთან ერთად, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ და თბილისის მერმა დაათვალიერეს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ იმ ინიციატივებზე ისაუბრა, რომლებსაც საქართველოში ჩამოსულ ინვესტორებს შეთავაზებენ. 

ბიზნესფორუმის ჩატარებასა და ინვესტიციების მოზიდვაზე ზრუნვას დადებითად აფასებს საპარლამენტო უმცირესობა, თუმცა ხარჯების მიზანშეწონილობის საკითხს სკეპტიკურად უყურებენ. საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს კი გასულ წელს ფორუმის მასპინძელი ქვეყნის, პოლონეთის მაგალითი მოჰყავს, რომელმაც ღონისძიებების ჩატარებისთვის 500 მილიონ ევროიანი შენობა ააშენა. 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა საქართველოში 13-15 მაისს გაიმართება. 

კომენტარები