საჯარო ფინანსები

საქართველოს საგარეო ვალი სამ თვეში 3.8%-ით გაიზარდა

REUTERS

ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოს სახელმწიფო სექტორის საგარეო ვალი $5.9 მილიარდს შეადგენს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 35.8%-ია. საგარეო ვალის მოცულობა 2014 წლის 1 სექტემბრის მონაცემებს 3.8%-ით აღემატება. ხოლო საქართველოს მთლიანი საგარეო ვალის მოცულობა $13.1 მილიარდს შეადგენს. ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი მოიცავს საქართველოს სახელმწიფო სექტორის საგარეო ვალს, კერძო სექტორის საგარეო ვალს და ეროვნული ბანკის საგარეო ვალს. 

სახელმწიფო საგარეო ვალი 31 დეკემბრის მონაცემებით $5.9 მილიარდს შეადგენს, რაც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 35.8%-ია. სახელმწიფოს კუთვნილი საწარმოების მთლიანი ვალი $829 მილიონია, ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები კი $251 მილიონს შეადგენს. 

სახელმწიფო საგარეო ვალი ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ხმარდება. სახელმწიფო საგარეო ვალი საქართველოს მსგავსი განვითარებადი ქვეყნებისთვის უცხოური ვალუტის მოზიდვის ერთ-ერთი ხელმისაწვდომი საშუალებაა. მეტიც, სახელმწიფო საგარეო ვალი საშინაო ვალზე უფრო ხელმწისაწვდომია, რადგანაც ერთწლიანი საშინაო ვალის საპროცენტო განაკვეთი 6,5%-დან იწყება, ხოლო ათწლიანი ვალის საპროცენტო განაკვეთი 10%-ს შეადგენს. გრძელვადიანი საგარეო ვალის საპროცენტო განაკვეთი კი 1-2%-ის ფარგლებში მერყეობს. საგარეო ვალის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ საგარეო ვალი უცხოურ ვალუტაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი შემოდინება ლარის გამყარებაზე დადებით გავლენას ახდენს. 

მთლიან საგარეო ვალში პირველ ადგილზე კერძო სექტორის ვალია, საბანკო სექტორის საგარეო ვალი $2.7 მილიარდია, ხოლო სხვა კერძო სექტორების ვალი $3.5 მილიარდია. 

მთლიანი საგარეო ვალის 93.6% დენომინირებულია უცხოური ვალუტით, რაც იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება ლარში საგარეო ვალის მოცულობას ზრდის. 

კომენტარები