ბიძინა ივანიშვილის ლობისტები

ივანიშვილის ამერიკელ ლობისტებს კანონდარღვევაში ადანაშაულებენ

"2012 წელს სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან მუშაობისას ბიძინა ივანიშვილის ლობისტებმა უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი(FARA) დაარღვიეს", - ამის შესახებ გამოცემა Gawker სტატიას - "უკანონოდ ლობირებდა თუ არა პუტინის მოკავშირეს ჰილარი კლინტონის კულუარული მრჩეველი?" აქვეყნებს. როგორც ცნობილია, ჰილარი კლინტონი ოფიციალური მიმოწერისთვის პრივატულ იმეილს იყენებდა, თუმცა, როგორც ჩანს, ახლა მისი მიმოწერები ნახევრად წაშლილია. აღსანიშნავია, რომ FARA-ს დარღვევა ითვალისწინებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთასა და $10 000 ჯარიმას. ბიძინა ივანიშვილის ლობისტები ჰილარი კლინტონს აფრთხილებდნენ, რომ "საქართველო შესაძლოა, აშშ-ის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ცხელი წერტილი გამხდარიყო, თუ სააკაშვილი გადაწყვეტდა, რუსეთთან დაძაბულობა გაეზარდა. ეს რესპუბლიკელების ყურადღებას მიიქცევდა და დარტყმა იქნებოდა ობამას ადმინისტრაციისთვის, რომელიც რუსეთის მიმართ რბილადაა განწყობილი".

რუმინელი ჰაკერის მიერ "გატეხილი" მეილებიდან გამოჟონილი ინფორმაციის თანახმად, მიმოწერები მისი ნდობით აღჭურვილ პირ სიდნი ბლუმენტალთან აჩვენებს, რომ ის და კიდევ ერთი პირი ჯონ კორნბლუმი საიდუმლოდ ეწეოდნენ მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის ლობირებას პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან, საქართველოდან, რომელიც პუტინის რუსეთთან დაახლოებას ესწრაფვოდა.

როგორც გამოცემა Gawker იუწყება, ბლუმენტალის "გატეხილი" იმეილიდან გაირკვა, რომ ის ჰილარი კლინტონს დეტალურ ანგარიშებს უგზავნიდა ლიბიის, ევროპის და სხვა ნებისმიერი ქვეყნის შესახებ. მათ შორის იყო მინაწერი, რომელიც მოუწოდებდა კლინტონს, საქართველოს იმჟამინდელი ოპოზიციისადმი სახელმწიფო დეპარტამენტის დამოკიდებულებისთვის გადაეხედა. 2012 წელს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციური პარტიის ქართული ოცნების ხელმძღვანელი იყო, რომელიც რუსეთთან დაახლოებისკენ ისწრაფვოდა - სახელმწიფოსთან, რომელიც საქართველოში შემოიჭრა. ის უპირისპირდებოდა მოქმედ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც ამერიკის მხარდაჭერის მოპოვება სურდა.

ივანიშვილს სურდა სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან შეხვედრა, მაგრამ 2012 წლის ივნისში კლინტონის საქართველოში ვიზიტისას შეხვედრა ჩავარდა. 2012 წლის სექტემბერში ბლუმენტალმა კლინტონისთვის მოამზადა გრძელი წერილი საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით. მას თან ერთვოდა ჯონ კორნბლუმის წერილი, საერთაშორისო ადვოკატის, რომელიც ბილ კლინტონის პრეზიდენტობისას გერმანიაში ელჩად მუშაობდა. ბლუმენტალის მინაწერის მიხედვით, კორნბლუმი მუშაობდა საქართველოში პოლიტიკური პარტიისთვის, რომელიც უპირისპირდებოდა სააკაშვილს. ასევე სხვადასხვა გამოცემაში აღნიშნულია, რომ კორნბლუმი ოფიციალურად ქართული ოცნების მრჩევლად იყო დანიშნული.

ბლუმენტალი წერილში კლინტონს აფრთხილებდა, რომ საქართველო შესაძლოა, ყოფილიყო პოტენციური ცხელი წერტილი აშშ-ში არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, თუ სააკაშვილი გადაწყვეტდა, გაეზარდა რუსეთთან დაძაბულობა, ეს იქნებოდა პოლიტიკური მანევრი.

"ბლუმენტალის წერილი ჰილარი კლინტონს:

ახლა ვესაუბრე ჯონ კორნბლუმს, რომელიც საუბრობს პოტენციურ ცხელ წერტილზე აშშ-ის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე. კორნბლუმი ახლა მუშაობს პოლიტიკურ პარტია ქართულ ოცნებაში, რომელიც უპირისპირდება სააკაშვილს. საქართველოში არჩევნები 1 ოქტომბერსაა. კორნბლუმი თვლის, რომ პოლიტიკურად უმართავი სააკაშვილი არჩევნებამდე რუსეთთან დაძაბულობას გაზრდის, რესპუბლიკელების ყურადღებას მიიქცევს, რაც იქნება დარტყმა ობამას ადმინისტრაციისთვის, რომელიც რუსეთის მიმართ რბილადაა განწყობილი".

ავტორის მოსაზრებით, კორნბლუმის წერილი მიზნად ისახავდა, კლინტონს გაეფრთხილებინა სააკაშვილი, რომ არჩევნებამდე ქართული ოცნება არ შეეზღუდა. კორნბლუმის წერილს თავად ბიძინა ივანიშვილის დანართიც ახლდა. ოლიგარქი ბრალს სდებდა სააკაშვილს და აცხადებდა, რომ პრეზიდენტი ქართულ ოცნებაზე არადემოკრატიულ შეტევებს ახორციელებდა. ივანიშვილი კლინტონს მხარდაჭერას სთხოვდა: "ქართველი ხალხი ელოდება მკაფიო სიგნალს, რომ ამერიკა მხარს უჭერს მათ ოცნებებს დემოკრატიაზე".

სტატიაში აღნიშნულია, რომ კორნბლუმი არ იყო უბრალოდ გეოპოლიტიკის მოყვარული. ის იყო პროპუტინისტი პოლიტიკოსის ბიძინა ივანიშვილის ლობისტი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტთან კავშირს ეძიებდა. "ბლუმენტალს შესაძლოა, სურდა, მოეპოვებინა შანსი, ეთამაშა დიპლომატის როლი, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო სამსახურში მუშაობაზე უარი მიიღო. მიწერილ წერილში ნათლად ჩანს, რომ კორნბლუმს მილიარდერისთვის სურდა, აშშ-ის პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა და ამ პროექტში დასახმარებლად ბლუმენტალს მიმართა".

ლობირება ჩვეულებრივი ქმედებაა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარეგისტრირდები აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში. თუ არ დარეგისტრირდები, დანაშაულია.

1938 წლის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) შექმნილია იმისთვის, რომ თავიდან აიცილონ ამერიკის პოლიტიკაში უცხოური ინტერესების ფარული ჩარევა.

არც კორნბლუმს და არც ბლუმენტალს არ მიუმართავთ იუსტიციის დეპარტამენტისთვის, რათა ეცნობებინათ, რომ ქართული ოცნების სასარგებლოდ ლობირებას ეწეოდნენ. FARA-ს ონლაინ მონაცემთა ბაზაში ისინი არ არიან რეგისტრირებული.

გამოცემა Gawker ესაუბრა FARA-ს ოთხ სპეციალისტს, დაარღვიეს თუ არა კანონი კორნბლუმმა და ბლუმენტალმა, რომლებიც ივანიშვილის სასარგებლოდ მუშაობდნენ. მათ გამოცემას განუმარტეს, რომ ბლუმენტალი და კორნბლუმი სანამ ლობირებას დაიწყებდნენ, იუსტიციის დეპარტამენტში უნდა დარეგისტრირებულიყვნენ.

კორნბლუმი არ პასუხობს გამოცემის კითხვებს. ხოლო ბლუმენტალმა ტელეფონი გათიშა, როდესაც ამ წერილზე ჰკითხეს.

გამოცემამ სცადა, დაკავშირებოდა იუსტიციის დეპარტამენტის პრესსპიკერ ბრაიან ფელონს და ეკითხა, დაიწყებდა თუ არა დეპარტამენტი გამოძიებას ბლუმენტალისა და კორნბლუმის საიტზე არდარეგისტრირების გამო. ფელონს გამოცემისთვის არ უპასუხია. ის 1 აპრილს იუსტიციის დეპარტამენტს ტოვებს და კლინტონის საპრეზიდენტო კამპანიაში პრესსპიკერად იწყებს მუშაობას.

სახელმწიფო დეპარტამენტის საქმიანობის პირადი იმეილით მართვა ჰილარი კლინტონს შესაძლოა, ძვირი დაუჯდეს. კანონის მიხედვით, მას ყველა მეილის დეკლარირება ევალებოდა და თუ გამოქვეყნებული მიმოწერა სახელმწიფოსთვის გადაცემული არ აქვს, ეს მისი მხრიდან კანონდარღვევის აშკარა მტკიცებულება იქნება. მართალია, კლინტონი ჯერჯერობით რაიმე უკანონობაში არ დაუდანაშაულებიათ, თუმცა, ის თანამშრომლობდა მესამე პირთან, რომელიც ივანიშვილისთვის მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ თეთრმა სახლმა კლინტონის ძალისხმევა, დაექირავებინა ბლუმენტალი, დაბლოკა. ამის შემდეგ კი, სახელმწიფო მდივანი იყენებდა პრივატულ იმეილს ეროვნული პოლიტიკის განსახილველად "ვიღაცასთან", ვინც არ იყო სახელმწიფო მოხელე, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაიწუნა და ვინც შესაძლოა, არღვევდა კანონს ამ საუბარში მონაწილეობისთვის. ბლუმენტალი კლინტონის ოჯახის დიდი ხნის მოკავშირეა და საკუთარ თავს აღწერს, როგორც კლინტონის ფონდის მრჩეველს.

აღსანიშნავია, რომ ჰილარი კლინტონი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს.

კომენტარები