საპარლამენტო უმრავლესობა

საპარლამენტო უმრავლესობა გრიგოლიას განცხადებაზე ეთიკის ქარტიას მიმართავს

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, იმსჯელოს ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობა გადაცემის ფორმატის შეცვლის მცდელობაში დაადანაშაულა.

"21 მარტს ჟურნალისტმა, ქალბატონმა ინგა გრიგოლიამ ჯერ გადაცემის ანონსში, მოგვიანებით კი გადაცემა "რეაქციაში" ბრალი დასდო საპარლამენტო უმრავლესობას, რომ ის ჩაერია გადაცემა "რეაქციის" ფორმატში და კატეგორიულად მოითხოვა თემის შეცვლა. უფრო მეტიც, მან უმრავლესობის გადაწყვეტილება, ნაციონალური მოძრაობის აქციის წინ უარი ეთქვა დებატებზე, რისი ლეგიტიმური უფლებაც ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას აქვს, გააიგივა 2006 წელს ნაციონალური მოძრაობის მიერ ტელეკომპანია "იმედისთვის" გამოცხადებულ ბოიკოტთან", - ნათქვამია განცხადებაში.

ვოლსკი წერს, რომ გრიგოლიას ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის დისკრედიტაციის მცდელობა და უსაფუძვლო ბრალდება იყო იმ ხელისუფლების მიმართ, "რომლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტიც არის სიტყვის თავისუფლება".

"მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არასდროს საპარლამენტო უმრავლესობა არ ჩარეულა მედიის პროფესიულ საქმიანობაში, მითუმეტეს რომელიმე არხის თემის შერჩევაში. საუბარი იმაზე, რომ ჩვენი მხრიდან ადგილი ჰქონდა "კატეგორიულ მოთხოვნებს" ემსახურება ჩემთვის გაუგებარ მიზნებს, მაგრამ ფაქტია, რომ არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. მივმართავთ "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას", თავად ჟურნალისტებმა იმსჯელონ, რა ფაქტებზე დაყრდნობით გააკეთა ინგა გრიგოლიამ მსგავსი განცხადებები და შეესაბამებოდა თუ არა ეს სიმართლეს", - ნათქვამია ვოლსკის განცხადებაში.

კომენტარები