თავდაცვის სამინისტრო

ჯანელიძე ალასანიასთან შეიარაღების შეძენაზე სატელეფონო საუბარს ადასტურებს

ტაბულა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა, რომ გასული წლის ოქტომბერში ის მართლაც დაუკავშირდა მაშინდელ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ტელეფონით და მას საფრანგეთთან თავდაცვითი შეიარაღების შეძენაზე გასაფორმებელ დოკუმენტზე ესაუბრა.

შეგახსენებთ, თავისუფალი დემოკრატების განცხადებით, ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრის რანგში საფრანგეთში ბოლო ვიზიტისას მას უსაფრთხოების საბჭოს მაშინდელი ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე დაუკავშირდა და ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე უარის თქმა მოსთხოვა.

როგორც მინდია ჯანელიძემ დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, საუბარი არა ხელშეკრულებას, არამედ განზრახულობათა წერილს შეეხებოდა, რომელიც ამჟამად უკვე ხელმოწერილია.

"სატელეფონო საუბარი ნამდვილად შედგა, მაგრამ ეს სატელეფონო საუბარი ეხებოდა იმას, რომ პროცედურები, რა პროცედურებიც საჭიროა, რომ დაცული იქნას საერთაშორისო შეთანხმების ხელმოწერის დროს, ყოფილიყო დაცული. ეს იყო და ეს. არანაირი პრინციპული წინააღმდეგობა იმასთან დაკავშირებით, რაზეც ხელს აწრდა ალასანია, არ ყოფილა", -განაცხადა ჯანელძემ.

მისი განცხადებით, „მთავრობის წევრებს შორის ტექნიკურ საკითხებზე საუბარი" საჯარო დისკუსიის საგანი არ უნდა გამხდარიყო.

ირაკლი ალასანიას განცხადების საპასუხოდ დღეს პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საიდუმლო საქმეებით სპეკულირება "არ არის ვაჟკაცების საქმე", რასაც ასევე გამოეხმაურა ალასანია და აღნიშნა, რომ ღარიბაშვილმა არ იცის, რა არის ვაჟკაცობა და სპეკულაცია.

24 მარტს რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში, წამყვანის კითხვის პასუხად, მოსთხოვა თუ არა მას ჯანელიძემ, რომ საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებაზე ხელი არ მოეწერა, ალასანიამ განაცხადა: "პრინციპში, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს ასე იყო, მაგრამ არც მაშინ და არც ახლა მინდია ჯანელიძე არ არის გადაწყვეტილების მიმღები. აქედან გამომდინარე, ვინ შეასრულებდა მედიატორის ფუნქციას, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს". თუმცა, მან იმედი დაიტოვა, რომ ახალ მინისტრი მის დაწყეებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს.

კომენტარები