ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

რუხაძე: დღეს ენმ, როგორც პარტია, ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე სამი წლის წინ იყო

ტაბულა

საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტის გიორგი რუხაძის შეფასებით, "დღეს ნაციონალური მოძრაობა, როგორც პარტია, ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ის იყო სამი წლის წინ, როცა იყო ხელისუფლებაში". ამის შესახებ რუხაძემ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში თქვა.

"მაშინ ენმ-ის პარტიული სტრუქტურა არ ცდებოდა სახელისუფლებო ორგანოს. ფაქტობრივად, ის მთელ ქვეყანას და სტრუქტურას იყენებდა, როგორც პარტიულ რესურსს. დღეს კი, ნაციონალური მოძრაობა რაც არის, ეს არის ნამდვილი პარტია და ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილმა რაღაცა დოზით შეუწყო ხელი", - განაცხადა რუხაძემ და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება უშვებს იმ შეცდომას ბევრად უფრო ადრე, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე დაუშვა და ამისთვის პოლიტიკურად დაისაჯა კიდეც".

"მე მახსოვს კინკლაობა იმაზე, რომელიღაც მიტინგზე რამდენი ადამიანი მივიდა. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ მიიღოს ეს გზავნილად, რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი ათასი იყო, ბევრი ხომ იყო? ბევრი ადამიანი გარეთ არ გამოდის, თუ სერიოზული პრობლემები არ არის ქვეყანაში. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება კონცენტრირდეს პრობლემების მოგვარებაზე, ის კვლავაც იწყებს ოპოზიციის მარგინალიზაციას, რაც თავის დროზე გააკეთა ნაციონალურმა მოძრაობამ და სამწუხაროდ იმან, რომ ის შეეცადა ოპოზიციის მოშორებას და მოასუფთავა ერთგვარად პოლიტიკური მოედანი, ამან კი, შვა ბიძინა ივანიშვილი. რეალურად, ეს ხელისუფლებაც ამას აკეთებს, იმ განსხვავებით, რომ მას ვერტიკალი ისეთი ძლიერი არ აქვს, რომ ნაციონალური მოძრაობა გაანადგუროს", - აცხადებს რუხაძე.

კომენტარები