არმაზ ახვლედიანი

ახვლედიანი ქართული ოცნების პოლიტსაბჭოში უფლებამოსილებას დროებით იჩერებს

primetimenews,ge

პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური მდივანი არმაზ ახვლედიანი ქართული ოცნების პოლიტსაბჭოში უფლებამოსილებას დროებით იჩერებს. ახვლედიანის გადაწყვეტილება მის მიერ მაესტროს ეთერში გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება, რაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ნინო გვენეტაძის კანდიდატურას შეეხებოდა.

"ვწუხვარ, რომ მიმდინარე წლის 7 მარტს ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში ჩემი ინტერვიუს იმ ნაწილს, რომელიც სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას ეხებოდა, არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა. კვლავ ვიმეორებ, განსხვავებული აზრის პატივისცემა ჩემთვის უპირობო პრიორიტეტია, ამასთან, მივიჩნევ, რომ დემოკრატია უნდა ეფუძნებოდეს სამართლიან წესრიგს და დისციპლინას. ვითვალისწინებ, რომ ახლა პარლამენტმა უნდა მიიღოს ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, აირჩიოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. არ მსურს, რომ ჩემი ინტერვიუს საბაბით დაწყებულმა გაუგებრობამ თუნდაც ოდნავ შეუშალოს ხელი დეპუტატების არჩევანს. ამიტომ საჭიროდ მივიჩნევ, პარტია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოში შევიჩერო უფლებამოსილება, სანამ პოლიტსაბჭოს სხდომაზე არ განიხილება აღნიშნული ინტერვიუს გამო აგორებული უსაფუძვლო კომენტარების საკითხი", - ნათქვამია არმაზ ახვლედიანის განხცადებაში, რომელიც მან ინტერპრესნიუსს მიაწოდა.

ცნობისთვის, არმაზ ახვლედიანმა მაესტროს ეთერში თქვა, რომ პოლიტსაბჭო და პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარს უჭერენ. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დეპუტატები არ დაემორჩილებიან, მათ წინააღმდეგ სანქციები დაწესდება.

კომენტარები