თბილისის მერია

თბილისის მერიაში სხდომას ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრებიც ესწრებიან

amerikiskhma.com

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობით პირველი სხდომა მიმდინარეობს. მთავრობის სხდომას საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრებიც ესწრებიან.

სევდია უგრეხელიძისა და ირაკლი ნადირაძის თქმით, სხდომაზე მერიის ახალი შემადგენლობის მოსასმენად მოვიდნენ. აღსანიშნავია, რომ თავიდან უწყების დაცვამ ნაციონალური მოძრაობის წევრები შენობაში არ შეუშვა, რის გამოც სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. თუმცა, მოგვიანებით პარტიის წევრებს სხდომაზე დასწრების უფლება მისცეს. 

შეიცვალა თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე ჟურნალისტების დასწრების წესიც. თუ აქამდე მედიას სხდომის დასაწყისის მოსმენა შეეძლო, დღეს მხოლოდ ტელე ოპერატორებს მიეცათ კადრების გადაღების საშუალება. რადიოსთვის და ინტერნეტ სააგენტოებისთვის განკუთვნილი ხმის ჩამწერები კი დარბაზში უწყების პრესსამსახურმა შეიტანა. სხდომა ამ წუთებშიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ჟურნალისტებს დღეს შეზღუდვები დაუწესეს პირდაპირი ჩართვის განხორციელებისასაც. რადიოს ჟურნალისტებს არ მიეცათ საშუალება ეთერში შესულიყვნენ იმ ადგილებიდან, საიდანაც პირდაპირი ჩართვა იყო შესაძლებელი. მათ ჩართვის უფლება მხოლოდ მერიის შენობის მე-20 სართულის ფოიეში მიეცათ.

აღნიშნული პრობლემები დაახლოებით ნახევარ საათში მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ჩარევით მოგვარდა. მაგდა პოპიაშვილის თქმით, მსგავსი შემთხვევები შემდგომში აღარ განმეორდება.

კომენტარები