ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ: საპატრულო პოლიცია უშუალოდ არის ჩართული ექსტრემისტული ჯგუფების წაქეზებაში

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, საპატრულო პოლიცია უშუალოდ არის ჩართული ექსტრემისტული ჯგუფების წაქეზებაში. წიკლაური ენმ-ის ოფისებზე ბოლოდროინდელ თავდასხმებს გამოეხმაურა და ახალ აუდიოჩანაწერზე ისაუბრა, რომელიც ენმ-ის ინფორმაციით, თავისუფალი თაობის ლიდერის ლადო სადღობელაშვილისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლის დიალოგს ასახავას. პარტიის ინფორმაციით, ჩანაწერი საპატრულო პოლიციის მანქანაშია გაკეთებული. აუდიომასალის მიხედვით, სადღობელაშვილი მის მიერ დაგეგმილი აქციების შესახებ ინფორმაციას საპატრულო პოლიციას უთანხმებს.

"უკანასკნელი დღეების განმავლობაში საზოგადოება ხედავს, რომ ხელისუფლების მიერ ორგანიზებული შეიარაღებული ბანდები თავს ესხმიან ოპოზიციური პარტიის ოფისებს. ამ თავდასხმებში სრულიად ღიად მონაწილეობენ გამგებლები, გუბერნატორების მოადგილეები, საკრებულოს წევრები, საკრებულოს თავმჯდომარეები და არ არსებობს არავითარი ეჭვი, რომ თავდასხმები ორგანიზებულია უშუალოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ.

ჩანაწერში თვალნათლივ ჩანს, რომ ახალი ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი სიმბოლო - საპატრულო პოლიცია ასევე უშუალოდ არის ჩართული ექსტრემისტული ჯგუფების წაქეზებაში. აქ არის საუბარი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელ ლადო სადღობელაშვილზე, რომელიც ამ ჩანაწერის დროს არის დაკავებული და ის ესაუბრება საპატრულო პოლიციის საგამოძიებო ნაწილის უფროსს ბატონ ზუზაძეს. საუბარი შედგა მას შემდეგ, რაც მოხდა თავდასხმა ნაციონალური მოძრაობის ოფისზე. აქ სადღობელაშვილი ჩივის იმის თაობაზე, რომ რამდენიმე პარკი, რომელიც მას ესროლა ნაციონალური მოძრაობის ოფისს, არ გასკდა. ხოლო ზუზაძე - საგამოძიებოს უფროსი არიგებს მას, რომ მომავალში შეიძინოს ისეთი პარკები, რომლებიც უფრო თხელია და აგრეთვე სცადოს რაღაც ნივთები, მაგალითად, „პაჩებნიკი“ - იმისთვის, რომ გასკდეს და ზიანი მიადგეს შენობას. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ტენდენცია, რასაც ჩვენ უკანასკნელი დღეების განმავლობაში ვუყურებთ.

სახელმწიფოს უშუალო ჩართულობა ექსტრემისტული ჯგუფების წაქეზებაში, სახელმწიფოს წარმომადგენლების ექსტრემისტულ ჯგუფებში პირდაპირი მონაწილეობა ნიშნავს დეგრადაციას ქართული სახელმწიფოსი და ნიშნავს ჩვენს გაცილებით ნაკლებ დაცულობას ქართული სახელმწიფოს მხრიდან.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ ამ პირობებში უმნიშვნელოვანესია, 21 მარტს ჩვენ გამოვიდეთ მშვიდობიან, ხალხმრავალ, მასშტაბურ აქციაზე და მშვიდობიანი გზით გავაპროტესტოთ უუნარო ხელისუფლების ის ქმედებები, რომელიც გასცდა ყოველგვარ ზღვარს. ამიტომ ვსარგებლობ შემთხვევით - კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ქართული სახელმწიფოს ყველა მხარდამჭერს, რომ 21 მარტს გამოვიდეთ და დავანახოთ ხელისუფლებას, რომ ქართველი ხალხი არავითარ შემთხვევაში არ შეეგუება იმას, რომ ქართული პოლიცია, ადგილობრივი თვითმმართველობები გადაიქცნენ ექსტრემისტების და ბანდიტური ჯგუფების ხელშემწყობად და ხანდახან ამ ჯგუფების უშუალო მონაწილეებადაც", - აცხადებს წიკლაური.

კომენტარები