პაატა ზაქარეიშვილი

ზაქარეიშვილი: დასავლეთში სერიოზული ხმაური ავტეხეთ

Paata Zakareishvili
Dimitri Chikvaidze / Tabula

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთში უკანონო ქმედებების საკითხს აქტიურად აყენებს და ამან შედეგი გამოიღო. პალიტრა ტვ-ს გადაცემა რეზიუმეში პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ არ ეთანხმება მოსაზრებას, თითქმის საქართველოს მთავრობამ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, საქართველოს პრობლემები უკრაინის საკითხის კონტექსტში განხილულიყო.

„საქართველოს მთავრობამ ხელიდან გაუშვა 2008 წელი...რუსეთმა მიიღო ყველაფერი, რისი მიღებაც უნდოდა და მაშინ ხმა არავის არ ამოუღია და ჩაყლაპეს, დღეს მაქსიმალურია ვცდილობთ ეს სიტუაცია გავაცოცხლოთ. მაგალითად, ხელშეკრულებები, რომლებიც ხელმოწერილი იყო წინა ხელსუფლების დროს უამრავი, უფრო მძიმე და არავითარი რეაგირება არ იყო, უკეთეს შემთხვევაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იტყოდა რაღაცას. ჩვენ საკმაოდ სერიოზული ხმაური ავტეხეთ. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, სადაც უკრაინას განიხილავდნენ და საქართველო არ იყო დღის წესრიგში, უშიშროების საბჭოს სამმა სახელმწიფომ უკრაინასთან ერთად ახსენა საქართველო", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

შესაბამისად, მისი თქმით, დასავლეთმა საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის საკითხი წინა პლანზე დააყენა.

„ახლა რა ვქნათ, დასავლეთმა თქვას, რომ სანქციების ეს ნაწილი არის უკრაინის გამო და ეს ნაწილი საქართველოს გამო? აშკარაა, რომ როგოც იქნა დასავლეთმა დაინახა რუსული აგრესია მსოფლიოს წინააღმდეგ და არა უკრაინისა და საქართველოს წინააღდეგ და რუსეთში სანქციებს უწესებენ არა უკრაინის გამო. არამედ რუსული პოლიტიკის გამო", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე რუსული წვრთნებს ზაქარეიშვილმა ძალის დემონსტრირება და შანტაჟი უწოდა.

„რუსეთი სამხრეთის მიმართულებით შეიარაღებულ ძალებს ამოწმებს და ეს დასავლეთის წინააღმდეგ დემონსტრირებაა, რომ მიუხედავად ყველაფრისა - „მე მზად ვარ ომისთვის“. ბუნებრივია, იგულისხმება საქართველოს ტერიტორიაც, თუ მას ეს დასჭირდა. მაგრამ საქართველოში რუსეთმა უკვე მიაღწია ყველაფერს. მაქსიმალურად მოირგო ისე, როგორც მაშინდელმა ხელისუფლებამ მას ამის უფლება მისცა“, - აღნიშნა ზაქარეიშვილმა. მინისტრის თქმით, ქვეყანამ საერთაშორისო საზოგადოებას უნდა მოუწოდოს ადეკვატური შეფასება მისცეს რუსეთის ქმედებებს.

 

კომენტარები