NATO-საქართველო

ნორლანდი: საქართველო NATO-ში გასაწევრიანებლად ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია NATO-ში გასაწევრიანებლად და, როდესაც დრო მოვა, NATO-ს წევრი სახელმწიფოები შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

"მე კომენტარს კონკრეტულად NATO-ს წევრი ქვეყნის ლიდერის ამ განცხადებაზე არ გავაკეთებ. მხოლოდ ვიტყვი, აქ თბილისში, რომ ვფიქრობ, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, გააგრძელოს ყველაფერი იმის კეთება, რისიც შეუძლია, რათა გაზარდოს თავისი კვალიფიკაცია NATO-ს წევრობისთვის. საქართველოს საკმაოდ გონიერი სტრატეგია აქვს ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად. ის ფოკუსირდება იმაზე, რომ გაძლიერდეს ეკონომიკურად, იყოს ეკონომიკურად დაკავშირებული თავის მეზობლებთან. ფოკუსირდება საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებაზე, არმიის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზე, წვრთნის სამხედროებს ავღანეთში სამსახუროდ და აწარმოებს დიპლომატიურ დიალოგს, რათა ლაპარაკით შეძლოს რაც შეიძლება შორს წასვლა. ასე რომ, ვფიქრობ, ამ წამს საქართველო ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია და, ვფიქრობ, როდესაც დრო მოვა, NATO შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს", - თქვა ნორლანდმა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ NATO ამ ეტაპზე არ უნდა გაფართოვდეს.

"ამ მომენტისთვის იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებსაც სურთ NATO-ში გაწევრიანება, საფრანგეთი ისეთ პოზიციაზე დგას, რომელიც გულისხმობს, რომ ყველა განაცხადს უარი უნდა ეთქვას, რადგან ჩვენ ვფიქრობთ, რომ NATO ამ ეტაპზე არ უნდა გაფართოვდეს", - თქვა ოლანდმა.

კომენტარები