აფეთქება ხარკოვში

ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად ხარკოვში აფეთქებაში ეჭვმიტანილები დააკავეს

images.unian.net

ხარკოვში უკრაინის ერთიანობისთვის მიძღვნილ მსვლელობაზე მომხდარი აფეთქების გამო ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო, რომლის შედეგად ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ოთხი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ალექსანდრე ტურჩინოვმა განაცხადა. მისივე ცნობით, ტერორისტებმა დისტანციურად მართული ასაფეთქებელი მოწყობილობა გამოიყენეს.

მომხდარს პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.

“აფეთქება, რომელიც არაადამიანებმა ხარკოვში მშვიდობიანი მსვლელობის დროს მოაწყვეს, არის თავხედური მცდელობა, რომ ტერორიზმის სივრცე გაფართოვდეს. ისინი, ვინც ამაში იღებდა მონაწილეობას, მიიღებენ მკაცრ სასჯელს. დამნაშავეები საკუთარ დანაშაულზე პასუხს აგებენ”, - წერს პოროშენკო.

ხარკოვის ოლქის პროკურატურაზე დაყრდნობით, ტერაქტის შედეგად, რომელიც 13:10 საათზე მოხდა, სამი ადამიანი დაიღუპა, ათი კი დაშავდა. მშვიდობიანი მსვლელობა, რომელიც ხარკოვის სპორტის სასახლიდან ქალაქის ცენტრისკენ მიემართებოდა, ერთი წლის წინ მაიდანზე დაღუპული ზეციური ასეულისთვის პატივის მისაგებად იმართებოდა.

კომენტარები