მარგველაშვილის ვიზიტი კიევში

მარგველაშვილი უკრაინაზე: გასაჭირში მყოფი მეგობრების გვერდით მტკიცედ უნდა იდგე

facebook.com/Margvelashvili

“როდესაც შენი მეგობრები არიან გასაჭირში, ყოველთვის მნიშვნელოვანია, მტკიცედ იდგე მათ გვერდით, რასაც ქართველები, ევროპელები და სხვა თავისუფლების მოყვარული ერის ლიდერები აფიქსირებენ დღეს აქ”, - ამის შესახებ კიევში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების მარშის მიმდინარეობის დროს აღნიშნა.

სიმბოლურ მსვლელობაში მონაწილეობამდე გიორგი მარგველაშვილმა უკრაინის ღირსების რევოლუციის წლისთავთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებშიც მიიღო მონაწილეობა.

მან სხვა ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელებთან და უკრაინის პრეზიდენტთან ერთად მიხაილოვის მოედანზე უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო აგრესიის მტკიცებულებათა გამოფენა დაათვალიერა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო უკრაინელი სამხედროების მიერ სამხედრო მოქმედებების დროს მოპოვებული 2014 წელს გამოშვებული ყუმბარმტყორცნები, რომლებიც უკრაინაში არ იწარმოება. ასევე ჯავშანტექნიკა, რუსეთში წარმოებული უპილოტო თვითმფრინავები და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული სამხედრო ტექნიკის არსებობასა და გამოყენებას ადასტურებს.

გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად კიევში ერთდღიანი ვიზიტით დღეს ჩაფრინდა. დელეგაციის შემადგენლობაშია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და პარლამენტის წევრები ზვიად კვაჭანტირაძე, ზურაბ აბაშიძე და დავით ბაქრაძე. ასევე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, პრეზიდენტის მრჩევლები თენგიზ ფხალაძე და გიორგი აბაშიშვილი.

კომენტარები