ინვესტიციები

იაკობაშვილი: Rosneft-ი შავი ზღვის რეგიონით არის დაინტერესებული

დავით იაკობაშვილი
არტიომ გოლოშაპოვი / Forbes

ჟურნალ Ведомости-ში ქართული წარმოშობის ბიზნესმენის, დავით იაკობაშვილის ინტერვიუ დაიბეჭდა, სადაც ის საკუთარ ბიზნესსა და Rosneft-თან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე საუბრობს. 2014 წელს იაკობაშვილმა Rosneft-ს Petrocas Energy Group-ის აქციების 49%-იანი წილი მიჰყიდა, რაც საქართველოს მთავრობის წევრებმა საქართველოში რუსული გავლენის ზრდად შეაფასეს. 

კითხვაზე, თუ გეგმავს Rosneft-ისთვის აქციების დარჩენილი პაკეტის მიყიდვას, იაკობაშვილმა განაცხადა, რომ Rosneft-ს ამის სურვილი არ გამოუთქვამს. იაკობაშვილის თქმით, Rosneft-ს კავკასიის რეგიონში ოპერირების გამოცდილება არ აქვს, ამიტომ მათთვის თავიდანვე მინორიტარი აქციონერის პოზიცია იყო სასურველი. იაკობაშვილის განმარტებით, Rosneft-ი თავიდან Petrocas Energy Group-ის აქციების 25%-იანი წილის ფლობით იყო დაინტერესებული, თუმცა მოლაპარაკებების შემდგომ კომპანიამ აქციების 49%-იანი წილის შესყიდვა გადაწყვიტა. იაკობაშვილის თქმით, Petrocas-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ის რჩება, რადგანაც მათ რეგიონის შესახებ მეტი ინფორმაცია აქვთ და ამიტომაც კომპანიის მართვასაც უფრო ეფექტურად ახდენენ. 

იაკობაშვილის თქმით, Rosneft-ი შავი ზღვის ქვეყნებში საკუთარი ქსელის გაფართოებით არის დაინტერესებული. მას თურქეთის, ბულგარეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და კიდევ რეგიონის სხვა ქვეყნების ბაზრებზე გაფართოება აინტერესებს. დავით იაკობაშვილის თქმით, ის ახლო აღმოსავლეთის რეგიონში აპირებს საკუთარი ბიზნესის განვითარებას. მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ათვისება Rosneft-თან გაფორმებული ხელშეკრულების ერთ-ერთ ნაწილს წარმოადგენს. იაკობაშვილის კომპანია ბიზნესის განვითარებისთვის მოლაპარაკებებს ქურთისტანშიც აწარმოებს.

Petrocas Energy Group-ის ყოფილი მფლობელი დავით კეზერაშვილი იყო. 2012 წელს მან კომპანიის აქტივები იაკობაშვილს მიყიდა. გარდა Petrocas Energy Group-ისა, იაკობაშვილმა კეზერაშვილისგან სარეკლამო სააგენტო Outdoor.ge, შაქრის მწარმოებელი კომპანია და კაზინო აჭარაც შეიძინა. იაკობაშვილის თქმით, საქართველოში ინვესტირება 2011 წლიდან დაიწყო და დღესდღეობით, საქართველოში მისი ინვესტიციის რაოდენობამ 470 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. იაკობაშვილმა Forbes Russia-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება გართულდა: "ახლა ჩადებულ ინვესტიციაზე 20%-იან მოგებას ვნახულობ. მარტო Petrocas Energy Group-ის გადახდილმა გადასახადებმა ბიუჯეტში 60 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, თუმცა, ჩემი აზრით, ჩვენი კომპანიის რესურსებიდან გამომდინარე, ამ თანხის გაორმაგება იყო შესაძლებელი". იაკობაშვილის თქმით, დღეისათვის მისი ინვესტიციების მხოლოდ 20% არის საქართველოში. ბიზნესმენს დანარჩენი ინვესტიციები რუსეთში აქვს განხორციელებული. 

დავით იაკობაშვილის შეფასებით, რუსულ ბაზარს 90-იანების ტიპის ლიბერალიზაციის ტალღა ესაჭიროება. მისი თქმით, დღეს რუსეთში ბიზნესს საკმაოდ ბევრი რეგულაცია აქვს დაწესებული. იაკობაშვილის თქმით, ბაზრის ლიბერალიზაცია რუსეთის ეკონომიკაზე დადებითად აისახება.

2014 წელს იაკობაშვილი 1.2 მილიარდი ამერიკული დოლარის ოდენობის ქონებით Forbes-ის მილიარდერთა სიაშიც მოხვდა. 

კომენტარები