ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: სისტემური კორუფციის მაგალითს ვერ ნახავთ და ამაში ჩემი წვლილიცაა

ბიძინა ივანიშვილი
Reuters

ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "სისტემური კორუფციის მაგალითს თქვენ ვერ ნახავთ". ამის შესახებ ივანიშვილმა კვირის პალიტრასთან საუბარში თქვა და აღნიშნა, რომ "ამაში ჩემი წვლილიცაა, რადგან პრემიერობისას, ჩემი პრინციპული პოზიცია იყო - არანაირი კორუფცია არ უნდა ყოფილიყო. და ღარიბაშვილიც ამ პოზიციაზეა. ძალიან ღირსეული პრემიერი ჰყავს დღეს საქართველოს". ბიძინა ივანიშვილის თქმითვე, იყო კითხვებიც ღარიბაშვილთან.

"საზოგადოდ, ნათესაობასთან დაკავშირებული საკითხები მტკივნეულია საქართველოში და ეს მხოლოდ ღარიბაშვილის პრობლემა არ არის. იგივე პრობლემები მეც მაქვს. მაგალითად, ჩემს ძმებზე მოგახსენებთ, რომლებიც მე ძალიან მიყვარს. უფროს ძმას ძალიან უყვარს ქეიფი და ყველა ქეიფზე რამდენიმე კაცი მიდის მასთან და რაღაცას სთხოვს. მე აკრძალული მაქვს ჩემამდე ინფორმაციის მოტანა, მაგრამ ის ხალხის ნაკადს მაინც ვერ აუდის. ასეა ჩემი მეორე ძმაც. შესაძლოა, ამის გამო ბევრიც არის განაწყენებული, რომ ჩემს ძმებს სთხოვეს რაღაც და ჩემამდე ინფორმაცია არ მოვიდა. ღარიბაშვილსაც ჰქონდა ეს პრობლემა, საზოგადოებაში დაგროვდა კითხვები და მან მოახერხა შესაბამისად რეაგირება. მე ღარიბაშვილს, სანამ პრემიერის კანდიდატად დავასახელებდი, ვუთხარი, რომ ასეთი პრობლემები ექნებოდა. ყველა ქართველს ჰყავს ნათესავები და ისინი, რა თქმა უნდა, ცდილობენ, მოიპოვონ პრივილეგირებული მდგომარეობა, თუ ნათესავი მინისტრი ან მით უმეტეს, პრემიერი ჰყავთ. დიახ, მე ვუთხარი ღარიბაშვილს, რომ ამ კუთხით და კიდევ დაცვასთან დაკავშირებით პრობლემები ექნებოდა. დაცვას შეუძლია თავბრუ დაგახვიოს, ისეთ ანტურაჟს გიქმნის, რომ საოცარი ადამიანი ხარ და სხვა არ უნდა გაგეკაროს. თუმცა, მივიჩნევ, რომ ეს პრობლემები ღარიბაშვილმა ძალიან სწრაფად და გენიალურად გადაჭრა. ჯანყარაშვილის პრობლემა დამთავრებულია. მედიაში პრემიერის სხვა ნათესავებზეც კეთდება აქცენტი, თუმცა, მე ერთხელ უკვე ვთქვი, რომ ეს ყველაფერი გადაჭარბებულია. თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ ჩვენ ვაპირებთ ნეპოტიზმსა და კორუფციაზე კვლევებისა და ფილმების გაკეთებას.

მუდმივად გამოძიების პროცესში ვიქნებით. შევქმნით სპეციალურ საიტს, მითითებული იქნება ტელეფონის ნომრები და ყველას მოვუსმენთ, ვისაც ნეპოტიზმთან დაკავშირებული პრეტენზია ან ინფორმაცია ექნება. შედეგებს კი საზოგადოებას გავაცნობთ. ხაზს ვუსვამ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პრობლემებს ძალიან კარგად გაართვა თავი, თუნდაც მაშინ, როდესაც შს მინისტრი იყო. ყველას ახსოვს, როგორი პოლიცია ჩაიბარა მან. ვფიქრობ, ღირსეული "მემკვიდრე" დავტოვე ღარიბაშვილის სახით და თუნდაც ამიტომ იმავე სისტემურ კორუფციაზე საუბარი არ შეიძლება. მთავარია, საზოგადოება იყოს თავის ადგილზე და გასწიოს კონტროლი. დღეს მთავრობა არის გამჭვირვალე, ითვალისწინებს საზოგადოების შენიშვნებს, თუ შეცდომები მოსდის, ასწორებს. იდეალური არავინ არის, მაგრამ სამთავრობო გუნდი ოპტიმალურად არის შერჩეული, რომელსაც ღირსეული პრემიერი ხელმძღვანელობს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები