10 წელია ადამიანთა გარკვეული ჯგუფი მიხეილ სააკაშვილს ზურაბ ჟვანიას მკვლელობაში, ხოლო ყოფილი ხელისუფლების ყველა სხვა წარმომადგენელს სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის დაფარვაში სდებს ბრალს. არიან ისეთებიც, ვისთვისაც მკვლელობის იარაღიც ცნობილია - საფერფლე.
საზოგადობის ამ ნაწილის ფანტაზიებს გარდაცვლილი პრემიერის ოჯახის პოზიცია ასაზრდოებს - ზურაბ ჟვანიას ძმა და მეუღლე ექპსპრემიერის გაზით გაგუდვის ფაქტს უარყოფს.
ორ წელიწადზე მეტია საქართველოს სათავეში ის ხელისუფლებაა, რომელიც ზურაბ ჟვანიას მკვლელის გამოვლენას დაპირდა საზოგადოებას. ხელისუფლების წევრია ზურაბ ჟვანიას ძმაც, გოგლა ჟვანია. ამ ორი წლის განმავლობაში, გამოძიებამ ვერ ნახა ვერცერთი მტკიცებულება, რაც პროკურატურას შესაძლებლობას მისცემდა გამოძიებისთვის კვალიფიკაცია შეცვალა და უბედური შემთხვევის მუხლი მკვლელობით შეეცვალა. სამაგიეროდ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა ხუთი ადამიანი. სამართალდამცავები ამ ხუთ ადამიანს არა მკვლელობასთან კავშირს, არამედ გამოძიებისთვის ხელის შეშლას ედავებიან. ამ ხუთი ადამიანიდან ერთი - დაცვის თანამშრომელი კობა ხარშილაძე ამჟამადაც ციხეშია. 9-9 თვე გაატარეს წინასწარ პატიმრობაში პათანატომმა ლევან ჩაჩუამ და დაცვის თანამშრომელმა ძაძამიამ. დანარჩენ ორს ახლახან წარუდგინეს ბრალი და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მოითხოვს, თუმცა სასამართლომ მათ გირაო შეუფარდა.
როგორც იცით ჟვანიას გარდაცვალების მიზეზებსა და გარემოებებზე ექპერტიზა ჩაატარა ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურმა ბიურომ, რომელიც დაეთანხმა საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგს. ამ დასკვნის ის ნაწილი, რომელიც ექსპრემიერის გარდაცვალების მიზეზს უკავშირდებოდა გამოქვეყნდა, ხოლო ის ნაწილი, რომელსაც სიკვდილის მიზეზთან შეხება არ ჰქონია და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შეიცავდა - არ გასაჯაროვებულა, თუმცა საქმეში დევს.
აქ საგულისხმო ის არის, რომ FBI-ს დასკვნა (არც დახურული და არც გასაჯაროებული) თანდართული არ აქვს იმ ადამიანების საქმეს, რომლებსაც პროკურატურა სამსახურეობრივ გულგრილობას ედავება. ჩნდება ეჭვი, რომ პროკურატურა ამ დასკვნას სისხლის სამართლის საქმეებს ერთი მიზეზით არ ურთავს - შესაძლოა დასკვნამ ცხადყოს, რომ ეს ადამიანები სამსახურეობრივ გულგრილობას კი არ იჩენდნენ, არამედ ზურაბ ჟვანიას პირადი ცხოვრების საიდუმლოს უფრთხილდებოდნენ. ამას ამბობენ დაცვის წევრები - ხარშილაძე და ძაძამია. ამისკენ მიუთითებს FBI-ს დასკვნის საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი დეტალები, რომელიც რუსთავი ორმა გაასაჯაროვა ორი დღის წინ.
კობა ხარშილაძის ადვოკატი - ბექა ბასილაია და ზურაბ ჟვანიას ძმა, პარლამენტის წევრი გოგლა ჟვანია პასუხობენ თეორემას შეკითხვებს ამ თემაზე.




