ფასების ზრდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახური: იანვარში მედიკამენტები 7,3%-ით გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, იანვარში მედიკამენტების ღირებულება 7,3%-ით გაიზარდა. ფასები გაზრდილია სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზეც, ალკოჰოლური სასმელების ღირებულებამ კი  6%-ით მოიმატა. ფასების ზრდის ერთ-ერთი მიზეზი დოლართან მიმართებით ლარის გაუფასურებაა. აქციზის გადასახადის მატების გამო, ბოლო დროს თამბაქოს ნაწარმიც გაძვირდა. მოსახლეობის შეფასებით, ეს ყველაფერი მათი ოჯახის ბიუჯეტზე უკვე აისახა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ეროვნული ვალუტის ინფლაციაზე პასუხისმგებლობას ეროვნულ ბანკს აკისრებს. მისი თქმით, ფასების საერთო დონეს ეროვნული ბანკი აკონტროლებს.

იანვარში ლარის გაუფასურების გამო ეროვნულმა ბანკმა მონეტრაული პოლიტიკა გაამკაცრა, რაც მიზნად მოსალოდნელი ინფლაციის შემცირებას ისახავდა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის შეფასებით, ფასების ზრდიდან გამომდინარე, პენსიის 10 ლარით ზრდა საკმარისი არ არის და ამ მხრივ მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

საპარლამენტო უმცირესობა ფასების ზრდაზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს. მიხელი მაჭავარიანის თქმით, ეს მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.

სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების მატება, შესაძლოა, მომავალ თვეშიც გაგრძელდეს.

კომენტარები