ე.წ. კორტების საქმე

ყოფილი პოლიციელების პროცესის დაწყებამდე სასამართლოში დაპირისპირება მოხდა

თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული 11 ყოფილი პოლიციელისთვის აღვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროკურატურა მათთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, ადვოკატები კი დაკავებულების გირაოს საფუძველზე გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებენ. 

პროცესის დაწყებამდე სასამართლოს შენობაში ხმაური იყო. დაკავებულებისა და ვაზაგაშვილების ოჯახის ახლობლები დარბაზში შესვლას ცდილობდნენ. სასამართლოს შენობასთან კი თავისუფალი თაობის აქტივისტები არიან შეკრებილი. ირაკლი კაკაბაძემ და თავისუფალი თაობის წარმომადგენლებმა სასამართლო დარბაზში შესვლა ვერ მოახერხეს. ისინი პროცესის გადატანას სხვა, უფრო დიდ დარბაზში ითხოვდნენ. ირაკლი კაკაბაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის ყოფილ უფროსს შოთა უტიაშვილს და "მკვლელი ძაღლი" უწოდა.

თავისუფალი თაობის მოთხოვნის მიუხედავად, პროცესი სხვა დარბაზში არ გადაიტანეს, რადგან ყველაზე დიდი დარბაზი საქალაქო სასამართლოში დაკავებულია. ამ წუთებში ვაზაგაშვილების ოჯახის ახლობლები, ირაკლი კაკაბაძე და თავისუფალი თაობის წევრები მოსამართლის გადაწყვეტილებას გარეთ ელოდებიან.

მთავარმა პროკურატურამ ე.წ. კორტების საქმე გახსნილად გუშინწინ, 2 თებერვალს გამოაცხადა და ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის განზრახ მკვლელობისა და დოკუმენტების ფალსიფიკაციის ბრალდებით პოლიციის 5 ყოფილი მაღალჩინოსანი და სპეცრაზმის 6 წევრი დააკავა. ძალოვანი უწყების განცხადებით, ე.წ. კორტების სპეცოპერაცია ირაკლი ფირცხალავას უშუალო ხელმძღვანელობით, ალექსანდრე ხუბულოვის მიმართ პირადი შურისძიების მოტივით დაიგეგმა. 

კომენტარები