ივანიშვილი არასამთავრობოებზე

გიგაური არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს პერსონალურ ინფორმაციებზე წვდომა აქვს

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის ორგანიზაცია კახა კოჟორიძის, ეკა გიგაურისა და ნინო ლომჯარიას შესახებ კვლევაზე მუშაობს. ჯერ-ჯერობით უცნობია, რა ინფორმაციას აგროვებს ივანიშვილი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების შესახებ, რომლებსაც გუშინდელ ინტერვიუში „მთავრობაზე დიდი არასამთავრობოები“ უწოდა. ექსპრემიერმა არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებზე პრეზიდენტის კრიტიკის დროს ისაუბრა. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ე.წ. მოსმენების შესახებ კანონზე მსჯელობისას მარგველაშვილი არასამთავრობოებს ამოეფარა, თუმცა მისი პოზიცია მაინც გამოჩნდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას პერსონალურ დავდასხმად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ ეს განცხადებები მათ დისკრედიტაციას ემსახურება. სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია ინტერესდება, რა ტიპის ინფორმაციას აგროვებს მათ შესახებ ექსპრემიერი და ვინ მოიპოვებს ამ ინფორმაციას. ლომჯარია მიიჩნევს, რომ პრემიერის გაღიზიანება არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დემოკრატიული ღირებულებების პროპაგანდამ და ხელისუფლების კრიტიკამ გამოიწვია. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი ხელმძღვანელი ეკა გიგაური კი აღნიშნავს, რომ ორგანიზაციისა და მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ცნობილი და საჯაროა, ხოლო საზოგადოებისთვის უცნობია პერსონალური ინფორმაცია და სწორედ ამაზე აკეთებდა აქცენტს ივანიშვილი. გიგაური მიიჩნევს, რომ ექპრემიერს პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომა აქვს და თუ მისი გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ კვლევაში სწორედ ეს ინფორმაცია მოხვდება, ეს მხოლოდ გაამართლებს არასამთავრობო ორგანზიაციების მოსაზრებებს.

ივანიშვილის კვლევის კიდევ ერთი ობიექტი, ამჟამად პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე ექსპრემიერის განცხადებას ფეისბუქში გამოეხმაურა. მისი თქმით, საჯარო მოხელისგან არასამთავრობოების კრიტიკა ტაბუდადებული არ არის, მაგრამ მაინც თავის შეკავება გადაწყვიტა.

„ნუთუ ზემოაღნიშნული ისტორიული შანსის ფონზე, დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანია ჩემი პიროვნების კვლევა და ნუთუ ეს ევროპულ საზოგადოებად ჩამოყალიბებაში დაგვეხმარება? თუ ვინმე დამისაბუთებს, რომ ეს ნამდვილად ასეა, ვდებ პირობას: დიდი პატივისცემის მიუხედავად, დავანებებ პრეზიდენტის მრჩევლობას თავს და დავიწყებ საკუთარი პიროვნების კვლევას, ჩემზე უკეთესად ამას მაინც ვერავინ გააკეთებს...“ - წერს კოჟორიძე.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურნენ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რომლებიც ივანიშვილს გუშინდელ ინტერვიუში არ გაუკრიტიკებია. ისინი მიიჩნევენ, რომ ივანიშვილს აქვს გამოხატვის თავისუფლება, თუმცა მისი გავლენიდან გამომდინარე ეს განცხადებები სახიფათო სიგნალებს შეიცავს.

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო ახლადდანიშნული აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ეკა გიგაურს, ნინო ლომჯარიასა და კახა კოჟორიძეს კომპეტენციას უწუნებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი კი ექსპრემიერის განცხადებაში ფორმალურ დარღვევებს ვერ ხედვას და აღნიშნავს, რომ უამრავი საზოგადოებრივი ორგანიზაცია არსებობს, რომელიც იკვლევს კერძო კომპანიების საქმიანობას. საპარლამენტო უმრავლესობიდან რამდენიმე თვის წინ „თავისუფალ დემოკარატებში“ გადასული შალვა შავგულიძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გაუმართლებლად მიიჩნევს. საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ მაია ფანჯიკიძის გაკვირვება კი იმან გამოიწვია, რომ ბოლო დროს ჭარბად მომრავლებული რუსული ორიენტაციის არასამთავრობო ორგანიზაციები საერთოდ არ მოხვდა ივანიშვილის ყურადღების ცენტრში. ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში კი აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს აღიზიანებს ნებისმიერი განსხვავებული აზრი, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებისაც.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ არასამთავრობო ორგანიზაციები გააკრიტიკა საქართველოს მოქმედმა პრემიერმინისტრმაც.

კომენტარები