ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანაა, ლარის კურსის გაუფასურება არ გადაიზარდოს საყოველთაო ფასების ზრდაში. მისივე თქმით, თუ ფასები გაიზარდა, ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებს.
"დღეს ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანაა, ლარის კურსის გაუფასურება დოლართან მიმართებაში არ გადაიზარდოს საყოველთაო ფასების ზრდაში. მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია და შესაძლოა, რიგ საქონელზე ფასი იყოს გაზრდილი, ჯამურად, ფასების საერთო დონის ზრდა დღესდღეისობით სახეზე არ გვაქვს. ვინაიდან, ამაზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ნავთობის გაიაფება და სხვა სასაქონლო ჯგუფებზე საერთაშორისო ფასების დონის შემცირება. ასევე, კლების მიმართულებით, მოქმედებს ის ფაქტორი, რომ ჩვენს მთავარ სავაჭრო პარტნიორებთან ლარი გაუფასურებული არ არის, უფრო მეტ შემთხვევაში, მთავარ სავაჭრო პარტნიორებთან ლარი არის გამყარებული.
იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ის ინფლაციური მოლოდინი, რომელიც დღეს საზოგადოებაში გადაიზარდა ან არსებობს საფრთხე, გადაიზარდოს უკვე მნიშვნელოვან ფასების ზრდაში, რა თქმა უნდა, გავატარებთ შესაბამის პოლიტიკას და ადეკვატური რეაგირება გვექნება - ეს იქნება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, რის შესახებაც გადაწყვეტილებას მივიღებთ 11 თებერვალს, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე. უახლოეს დღეებში გვექნება იანვრის მონაცემები, როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის. გვექნება ინფლაციის წინასწარი მონაცემები და ამ მონაცემებზე დაყრდნობით მივიღებთ გადაწყვეტილებას", - თქვა ქადაგიძემ.
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ლარის კურსთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია, საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს რკინიგზის დირექტორი მამუკა ბახტაძე და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის თანახმადაც 1 დოლარის შეძენა 2,01 ლარად იქნება შესაძლებელი.





