ევროპის ჩემპიონატი 19-წლამდელთა შორის

სიჭინავა: ქვეყნის პრესტიჟია, რომ ევროპის ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩატარდეს

Georgian Football Federation/Fb.com

საქართველო 2017 წელს 19 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ამ თემასთან დაკავშირებით, დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა პრესკონფერენცია გამართეს. ზვიად სიჭინავამ და რეზი არველაძემ იმის შესახებ ისაუბრეს, თუ რა კრიტერიუმით შეარჩია უეფამ საქართველო ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად. გადაწყდა, რომ ევროპის ჩემპიონატის თამაშები საქართველოს ოთხ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, გორსა და მცხეთაში ჩატარდება.

"როგორ გითხრათ, რა იყო გადამწყვეტი, როცა 54 ქვეყანას აქვს პრეტენზია, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უმასპინძლოს... ალბათ კარგი ურთიერთობა და ნდობის ფაქტორი, რომელიც უეფას ჩვენი ქვეყნის და ფედერაციის მიმართ აქვს. უეფა ხედავს, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმ ნორმების და მოთხოვნების შესასრულებლად, რასაც მათი რეგულაციები ითვალისწინებს. ეს [ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა] არ უნდა განვიხილოთ, როგორც ჩვენი ბიჭების მონაწილეობა ფინალურ ეტაპზე, ეს უნდა განვიხილოთ ისე, რომ ხუთი თანამედროვე სტადიონი დაემატება ამ ქვეყანას. უეფას ყველაზე მთავარი პირობა სწორედ ეს არის, რომ ხუთი ახალი სტადიონი ექნება ჩვენს ქვეყანას. ჩვენი გუნდები მონაწილეობენ ჩემპიონთა და ევროპის ლიგის შესარჩევ ეტაპებში, რატომ არ უნდა იყოს მცხეთაში, ქუთაისში, ზესტაფონში და სხვა ქალაქებში უეფას მოთხოვნების შესაბამისი სტადიონი? ჩემპიონატის მასპინძლობა არ ფინანსდება უეფას გრანტით. შესაბამისად ამ პროექტში მთლიანად სახელმწიფოა ჩართული. ქვეყნის პრესტიჟია, ყველაფერი მაღალ დონეზე ჩატარდეს, როცა მთელი მსოფლიო გიყურებს. ხალხი, ჩვენი მთავრობა და ქვეყანა აკეთებს ყველაფერს, რომ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს გააცნოს. ევროპის ჩემპიონატზე 8 გუნდი მონაწილეობს, შესაბამისად, მათ უამრავი გულშემატკივარი ჩამოყვება საქართველოში. ეს პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და მინდა, გულშემატკივარს ამ ივენთის საქართველოში ჩატარება მივულოცო", - განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ.

სფფ-ის გენერალური მდივნის რეზი არველაძის თქმით კი, "ყველა სკეპტიკოსისთვის, ვისაც ჰგონია, რომ ფეხბურთის ფედერაციაში არაფერი კეთდება, ქართული ფეხბურთი ერთ ადგილზე დგას და არ ვითარდება, ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა იქნება პასუხი".

"ამ ურთიერთობებს, ამ გამოცდილებას და ჩვენი ნაკრებების წარმატებებს, აქვს და გამოაქვს თავისი შედეგები. არავის არ სჭირდება სუსტი გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რამდენადაც კარგი ურთიერთობა არ უნდა გქონდეს და რამდენადაც არ უნდა უყვარდეთ და პატივს სცემდნენ შენს ქვეყანას. ეს ინფრასტრუქტურა, უამრავი სავარჯიშო და სათამაშო მოედანი დარჩება ამ ქვეყანას, ამ ყველაფერს კისერზე არავინ მოიკიდებს. აქ ბევრად უფრო მეტი კარგი ფეხბურთელი გაიზრდება. რთული იყო, ამაზე დიდ ხანს ვმუშაობდით, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა და ერთი წლის ინტერვალით ჩვენი ქვეყანა ორ დიდ ივენთს უმასპინძლებს", - განაცხადა არველაძემ.

კომენტარები