ეროვნული ვალუტის კურსი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, სართაშორისო ვიზიტორები, ფულადი გზავნილები, ექსპორტი და კრედიტები. ოფიციალურ მონაცემებს თუ დავაკვირდებით, ლარის გაუფასურება არ უნდა გაგვიკვირდეს - საერთაშორისო ვიზიტორების ზრდის ტემპი წინა წელთან შედარებით დაახლოებით 12-ჯერ, ხოლო 2012 წელთან შედარებით დაახლოებით 30-ჯერ შემცირდა. მიუხედავად, მთავრობის მიერ ექსპორტის წახალისების ყბადაღებული
მცდელობებისა და რუსული ბაზრის გახსნისა, დეკემბერში ექსპორტი 20 პროცენტით, ნოემბერში 35 პროცენტით, ხოლო მთელი გასული წლის განმავლობაში, 2 პროცენტით შემცირდა. შემცირებულია ფულადი გზავნილების მოცულობა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის შესახებ ოფიციალური მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა.
ამას დაერთო 2014 წლის მიწურულს ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა. თუ გახსოვთ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ლარის წინასაახალწლო გაუფასურებისას მთავრობას მოუწოდა ბიუჯეტის ქაღალდზე შესასრულებლად არ დაეხარჯა ფული. რჩევა გასაგებია - გაუფასურებული ლარი უფრო დიდ დარტყმას აყენებს მოსახლეობას, ვიდრე ხარჯვით ნაწილში გარღვეული ბიუჯეტი. თუმცა ხელისუფლებამ ქადაგიძის რჩევა არ გაითვალისწინა და 450 მილიონი ლარი დახარჯა დეკემბრის ბოლო დღეებში, რამაც თავისი წვლილი შეიტანა ლარის გაუფასურების პროცესში. ასე რომ შესაძლოა ხადურმა რეალურად გარღვეული ბიუჯეტი, ფურცელზე შეასრულა, მაგრამ საქართველოს მოსახლეობა დაზარალდა - ყველაზე მეტად დაზარალდა ის, ვისაც შემოსავალი ლარში და ცოტა აქვს, იმიტომ რომ მსყიდველუნარიანობა დაცემული ფულით, კიდევ უფრო ცოტას გაწვდება.
რიგითი ლარიანის გადარჩენის შესაძლებლობებზე ვისაუბრებთ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელ დირექტორთან, ნინო ევგენიძესთან.




