პრეზიდენტის ანგარიში

კვერენჩხილაძე: მთავრობა დაინტერესებული უნდა იყოს პრეზიდენტის მოხსენებით

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი კვერენჩხილაძის შეფასებით, მთავრობას უნდა აინტერესებდეს პრეზიდენტის მოხსენების შინაარსი. მან აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციის მიხედვით უმაღლესი მთავარსარდალია, რომელიც წელიწადში ერთხელ, საკანონმდებლო ორგანოს ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით აცნობს ანგარიშს.

"კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი, ქვეყნის ერთიანობისა და დამოუკიდებლობის გარანტი, კონსტიტუციის დაცვის გარანტი. ის ასევე კონსტიტუციურად სახელმწიფო ორგანოთა ნორმალური ფუნქციონირების გარანტია. მისი ვალდებულებაა, პარლამენტს წელიწადში ერთხელ წარუდგინოს მოხსენება ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, მთავრობა დაინტერესებული უნდა იყოს ამ მოხსენების შინაარსით" - განაცხადა კვერენჩხილაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, არ არის საჭირო, რომ მთავრობის წევრები პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას დაესწრონ. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ახალი კონსტიტუციით მთავრობის წევრების დასწრება სავალდებულო არ არის, რადგან პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას სიმბოლური ხასიათი აქვს. მანვე მედიას მოუწოდა, დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებენ პრეზიდენტის გამოსვლისას მთავრობის პარლამენტში მისვლა-არმისვლის საკითხს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის წევრები პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში არც გასულ წელს დასწრებიან. რამდენიმე დღის წინ, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მის გამოსვლას მინისტრთა კაბინეტი ამჯერად მაინც დაესწრება.

კომენტარები