ესტონეთის პრემიერის ვიზიტი საქართველოში

ირაკლი ღარიბაშვილმა კანცელარიაში ესტონელ კოლეგას უმასპინძლა

მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ესტონელ კოლეგას ტაავი რიივასის უმასპინძლა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაფართოებული შეხვედრის ძირითადი თემები საქართველო-ესტონეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და NATO-სთან ურთიერთობა იყო.

საქართველოსა და ესტონეთის პრემიერმინისტრებმა გაფართოებული მოლაპარაკებებისას, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების პერსპექტივებს და ამ მიმართულებით არსებულ დიდ პოტენციალს. გაფართოებული შეხვედრისას საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, რეგიონული უსაფრთხოება და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე არსებული გამოწვევები.

გამოითქვა შეშფოთება სოხუმის საოკუპაციო რეჟიმსა და მოსკოვს შორის 24 ნოემბერს ხელმოწერილი „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ე.წ. შეთანხმებასა და ცხინვალის რეჟიმთან მსგავსი დოკუმენტის დაგეგმილ ხელმოწერასთან დაკავშირებით. საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესსა და რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პერსპექტივებს. ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების, ასევე ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესის ინტენსიფიკაციისა და სავიზო დიალოგის დასრულების მნიშვნელობა",-იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.

ესტონეთის პრემიერმინისტრი ტაავი რიივასი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.

კომენტარები