ტერაქტი პარიზში

პარიზში სოლიდარობის მარში მიმდინარეობს

Reuters

საფრანგეთში ერთიანობის მარში მიმდინარეობს. ათიათასობით ადამიანი პარიზის ქუჩებშია შეკრებილი. სოლიდარობის მარში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ტერორისტებმა 17 ადამიანი დახოცეს. მარშში მონაწილეები მათ ხსოვნას პატივს მიაგებენ. მსვლელობაში მონაწილეობის სურვილი 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერმა გამოთქვა. მათ შორისაა საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც. ისინი უკვე ადგილზე იმყოფებიან.

სოლიდარობის აქცია იმართება ლონდონშიც. მონაწილეები ტრაფალგარის მოედანზე არიან შეკრებილი.

აღსანიშნავია, რომ მსვლელობის დაწყებამდე ინტერნეტით გავრცელდა, აწ უკვე მოკლული ტერორისტის აჰმედ კულიბალის ვიდეო, რომელმაც ქოშერულ მაღაზიაში მძევლები აიყვანა. ტერაქტამდე ჩაწერილ ვიდეოში კულიბალი საკუთარ თავს ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს მიაკუთვნებს და ამბობს, რომ მისი სახელით მოქმედებს. ის ასევე აღნიშნავს, რომ შარლი ებდოს თავდასხმაზე თავადაც მუშაობდა. შემდეგ კი გუნდი ორად გაიყო, რათა უფრო ეფექტურად ემოქმედათ.

პოლიცია კი ტერორისტთა თანამზრახველებს ეძებს. მათ შორის, ქოშერული მაღაზიის ტერაქტში მონაწილე ჰაიატ ბუმედინს, მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, რომ ტერორისტმა ქალმა თურქეთისა და სირიის საზღვარი უკვე გადაკვეთა.

საფრანგეთის პოლიციამ 9 იანვარს ანტიტერორისტული ოპერაცია ორ ადგილას ჩაატარა. ერთი ქოშერულ მაღაზიაში, ხოლო მეორე ჟურნალ შარლი ებდოს თავდასხმაში მონაწილე ძმებ კუაშების წინააღმდეგ, რომელთაც პარიზის ჩრდილოეთით საწყობში ასევე მძევლები ჰყავდათ აყვანილი. აღსანიშნავია, რომ აჰმედ კულიბალი ძმებ კუაშების გათავისუფლებას მოითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. სამართალდამცველებმა ოპერაციების შედეგად სამივე მამაკაცი მოკლეს. დაიღუპნენ მძევლებიც.

პირველი ტერორისტული აქტი ჟურნალ შარლი ებდოს რედაქციაზე 7 იანვარს მოხდა. ძმებმა კუაშებმა მაშინ 12 ადამიანი მოკლეს. ისინი ისლამისტურ შეძახილებს გაჰყვიროდნენ. აღსანიშნავია, რომ თავდასხმამდე, ჟურნალის ოფიციალური ტვიტერით ისლამური სახელმწიფოს ლიდერის, აბუ ბაღდადის კარიკატურა გავრცელდა.

კომენტარები