ტერაქტი პარიზში

ღარიბაშვილი პარიზის ტერაქტზე: ტერორიზმს გამართლება არ შეიძლება მოეძებნოს

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

ეს საზარელი ტერაქტი არა მხოლოდ ფრანგი ხალხის, არამედ თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგ იყო მიმართული, - ნათქვამია საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში, რომელიც საფრანგეთში, Charlie Hebdo-ს რედაქციაზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას ეხმაურება.

„დიდი მწუხარებით შევიტყვე იმ უმძიმესი ტრაგედიის შესახებ, რომელიც ფრანგ ხალხს დღეს დაატყდა თავს. ეს საზარელი ტერაქტი არა მხოლოდ ფრანგი ხალხის, არამედ თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგ იყო მიმართული. ტერორიზმს გამართლება არ შეიძლება მოეძებნოს. სიტყვისა და პრესის თავისუფლება ის უზენაესი უფლებაა, რომელიც ყველგან და ყოველთვის სათანადოდ უნდა იყოს დაცული. ქართველი ხალხის სახელით, გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ტერაქტის მსხვერპლთა ოჯახებს. ამ მძიმე წუთებში ფრანგი ხალხის გვერდით ვდგავართ“, - ნათქვამია განცხადებაში.

12 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა პარიზში, სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმის შედეგად.

შეიარაღებული თავდამსხმელები რედაქციის შენობაში შეიჭრნენ და იქ თანამშრომლების მისამართით ცეცხლი გახსნეს. რის შედეგადაც ჟურნალის მთავარი რედაქტორი და სამი ცნობილი კარიკატურისტი დაიღუპა.

თვითმხილველების ცნობით, ტერორისტები ისლამისტური შინაარსის ლოზუნგებს ყვიროდნენ. აღსანიშნავია, რომ თავდასხმამდე, ჟურნალის ოფიციალური ტვიტერით ისლამური სახელმწიფოს ლიდერის, აბუ ბაღდადის კარიკატურა გავრცელდა. თავდასხმა რედაქციაზე 2011 წელსაც მოხდა, როდესაც ჟურნალში წინასწარმეტყველ მუჰამედზე კარიკატურები დაიბეჭდა. მაშინ ოფისი დაარბიეს და დაწვეს.

კომენტარები