ტერაქტი პარიზში

მარგველაშვილი პარიზის ტერაქტზე: ვგმობთ ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას

საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს საფრანგეთში, Charlie Hebdo-ს რედაქციაზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის გამო.

“ამ განსაცდელის ჟამს ჩვენ მტკიცე თანადგომას ვუცხადებთ საფრანგეთის რესპუბლიკის ხელისუფლებასა და ფრანგ ხალხს. ჩვენ ვართ თქვენს გვერდით, რათა დავიცვათ ჩვენი საერთო კეთილდღეობა. ქართველი და ფრანგი სამხედროები გვერდიგვერდ დგანან მსოფლიოს ცხელ წერტილებში, რათა უზრუნველვყოთ საერთო მშვიდობა და უსაფრთხო მომავალი.

საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და აგრძელებს ბრძოლას თანამედროვეობის ამ ერთ-ერთი უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ”, - ნათქვამია განცხადებაში.

12 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა პარიზში, სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმის შედეგად. შეიარაღებული თავდამსხმელები რედაქციის შენობაში შეიჭრნენ და იქ თანამშრომლების მისამართით ცეცხლი გახსნეს. თვითმხილველების ცნობით, ისინი ისლამისტური შინაარსის ლოზუნგებს ყვიროდნენ.

აღსანიშნავია, რომ თავდასხმამდე, ჟურნალის ოფიციალური ტვიტერით ისლამური სახელმწიფოს ლიდერის, აბუ ბაღდადის კარიკატურა გავრცელდა.

თავდასხმა რედაქციაზე 2011 წელსაც მოხდა, როდესაც ჟურნალში წინასწარმეტყველ მუჰამედზე კარიკატურები დაიბეჭდა. მაშინ ოფისი დაარბიეს და დაწვეს.

კომენტარები