2015 წელი

ილია მეორემ ახალი წელი ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებსაც მიულოცა

კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ახალი 2015 წელი საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებსაც მიულოცა. პატრიარქმა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება ისურვა.

"ღვთივკურთხეულო ჩვენო სულიერო შვილებო, საქართველოში მცხოვრებო სხვადასხვა ერებისა და რელიგიების წარმომადგენელნო, უცხოეთში მცხოვრებნო ჩვენო თანამემამულენო, დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის! გულითადად გილოცავთ ქრისტეს შობას და ახალ წელს!

ყოველ წელს ჩვენ ველოდებით სიახლეს. ვთხოვთ უფალს ბედნიერებას. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ნება დაემორჩილება ღვთის ნებას. თუ ჩვენ გავაკეთებთ სიკეთეს და ეს სიკეთე ათმაგად დაგვიბრუნდება ჩვენ. ცხოვრების გზაზე ჩვენ შეიძლება შეგვხვდეს განსაცდელი. ნუ შეგეშინდებათ ამისი. ეს ყველაფერი გაივლის და საქართველო იქნება ბედნიერი.

დღეს, როდესაც ადამიანი დგას მრავალი პრობლემების წინაშე, უნდა გააძლიეროს ლოცვა. ჩვენ მოგვიახლოვდა ქრისტეშობის დღესასწაული. უნდა გავაძლიეროთ ლოცვა ღვთისადმი, მაცხოვრისადმი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი და ჩვენ ვიქნებით ბედნიერი. ღვთის წყალობით ჩვენ დაგვიბრუნდება აფხაზეთი და სამაჩაბლო" - თქვა პატრიარქმა მილოცვისას.

კომენტარები