პრემიერი რატიფიკაციაზე: წარმატება ბოლო წლებში ჩვენმა ძალისხმევამ განაპირობა

ტაბულა

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტის წევრებს  ნდობისთვის და აღნიშნა, რომ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მთავრობის მიერ ბოლო წლებში გამოჩენილმა ძალისხმევამ განაპირობა. 

„ყველა ქართველის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო ევროპარლამენტის წევრებს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ინსტიტუტებისადმი ნდობისათვის, რომელიც ამ კენჭისყრის შედეგში გაცხადდა. ბოლო წლებში ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ დემოკრატიული რეფორმების გასატარებლად, რომლებმაც განაპირობა კიდეც ჩვენი ეს წარმატება. ასოცირების ხელშეკრულების საშუალებით ჩვენ უზრუნველყოფილი ვიქნებით შესაბამისი სამოქმედო გეგმით, რათა გაგრძელდეს ეს პროცესი და ევროკავშირში საბოლოო გაწევრიანების მიზნისკენ წინსვლას მივაღწიოთ“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით.

ღარიბაშვილის თქმით, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტში კიდევ ერთხელ არის დადასტურებული, რომ საქართველოს აქვს ევროპული პერსპექტივა და ის შეძლებს წარდგეს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადით, თუ დაიცავს დემოკრატიის პრინციპებს, პატივისცემით მოეპყრობა ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და ადამიანის უფლებებს, ასევე უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას.

„დღეს საქართველო არის ევროპული პარტნიორობის  წარმატების მაგალითი.  ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ამ ხელშეკრულების სრულად და სწრაფად განხორციელება, რათა  ქვეყანაში სრულად დამკვიდრდეს ევროპული სტანდარტები“, - თქვა პრემიერმა.

პრემიერმინისტრის თქმით, ევროინტეგრაცია საქართველოს მოქალაქეებს ხელშესახებ შედეგებს  მოუტანს. მეორე მხრივ, საქართველო იქნება ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორი.

„საქართველო არის სტაბილური დემოკრატიის, აქტიური ეკონომიკის ქვეყანა, სათანადო უნარების მქონე და სანდო კონტრიბუტორი საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში, ასევე ის არის ევროპისკენ მიმავალი ენერგორესურსების საკვანძო სატრანზიტო ქვეყანა“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება ევროპარლამენტში დღეს მოხდა. გარდა ამისა, ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება ევროკავშირის წევრმა ათმა სახელმწიფომ განახორციელა. ესენია: ბულგარეთი, ხორვატია, ესტონეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიტვა, მალტა, რუმინეთი, სლოვაკეთი და შვედეთი. ხელშეკრულების ძალაში შესასვლელად მისი რატიფიცირება ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა განახორციელოს. ხელშეკრულების ზოგიერთი თავი, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება, ძალაში 1 სექტემბერს შევიდა.

კომენტარები