პატიმართა მიმართ ძალადობა

ნანუაშვილი: ციხეებში ძალადობა კვლავაც პრობლემად რჩება

radiotavisupleba.ge/

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობა კვლავაც პრობლემად რჩება, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა. ომბუდსმენის თქმით, 2014 წელს პენიტენციარულ სისტემაში სუიციდის ხუთი სავარაუდო ფაქტი დაფიქსირდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ამ მხრივ პროგრამები ასამუშავებელია. ნანუაშვილის შეფასებითვე, მთავარი პრობლემა ის არის, რომ პატიმრების არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე სათანადო გამოძიებები არ ტარდებოდა.

"კვლავ პრობლემად რჩება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობა. გარდაცვალების რიცხვი კვლავ საკმაოდ მაღალი იყო. იყო ხუთი სავარაუდო სუიციდის ფაქტი, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და მეტყველებს იმაზე, რომ ამ მხრივ პროგრამები კიდევ უფრო ასამუშავებელია. ყველაზე მთავარი პრობლემა ჩემთვის იყო ის, რომ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე სათანადო გამოძიება არ ტარდებოდა. ქალთა მიმართ ძალადობა კი იყო ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი მიმდინარე წელს. არის ასევე სხვა მნიშვნელოვანი მომენტები, მაგალითად, მასობრივი გათავისუფლებები საჯარო სექტორიდან. არის უწყებები, რომლებიც მაქსიმალურად ითვალისწინებენ ჩვენს რეკომენდაციებს, მაგრამ არის უწყებები, ძირითადად, ძალოვანი სტრუქტურები, სადაც სამწუხაროდ, ჩვენი რეკომენდაციების მთლიანად გათვალისწინება არ ხდება”, - თქვა ნანუაშვილმა და აღნიშნა, რომ 2014 წელს მის მიერ გაცემული 131 რეკომენდაციიდან სხვადასხვა უწყებებმა სრულად მხოლოდ 38 გაიზიარეს. 

სახალხო დამცველმა დიპლომატიური მისიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს აპარატის ყოველწლიური მუშაობის შედეგები დღეს გააცნო. ომბუდსმენის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით, მისი მისამართით საგრძნობლად გაიზარდა მიმართვების რაოდენობა. კერძოდ, წელს სახალხო დამცველის ოფისში 7 272 საჩივარი შევიდა, გასულ წელს კი, ეს რიცხვი 5457 იყო.

კომენტარები