გვარდიოლა და იაპონიის მორაგბეთა ნაკრები

გვარდიოლა იაპონიის მორაგბეთა ნაკრებს ტაქტიკის სრულყოფაში დაეხმარება

მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გუარდიოლა იაპონიის მორაგბეთა ნაკრებს დაეხმარება, ამის შესახებ BBC იტყობინება.

სპეციალისტი, რომელიც კატალონიურ ბარსელონაში წარმატებულად მუშაობის შემდეგ, იმავეს გაკეთებას მიუნხენის ბაიერნში განაგრძობს, იაპონელთა მთავარ მწვრთნელს, ედი ჯონსს შეხვდა.

"ის ფეხბურთში საუკეთესო მწვრთნელია, ასეთისგან რაიმეს სწავლა კი ყოველთვის სასურველია. გვარდიოლასგან ინფორმაციის მიღება, ფანტასტიკური შესაძლებლობაა", - განაცხადა ედი ჯონსმა.

ავსტრალიის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი, მიუნხენის ბაიერნის ვარჯიშს დაესწრო და გვარდიოლასთან ერთად ტაქტიკური სქემები განიხილა.

"მინდა ჩემს მორაგბეებს ვასწავლო, ტაქტიკურად უფრო მოქნილები იყვნენ. რაგბი და ფეხბურთი ერთმანეთს ძალიან ჰგავს, ორივეგან გსურს ბურთი სივრცეში ამოძრაო - გვარდიოლას ხელმძღვანელობით კი ახლა ბაიერნი და მანამდე ბარსელონა, პასების კუთხით ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთს თამაშობდნენ", - განაცხადა ედი ჯონსმა.

იაპონიის ნაკრები 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის მოგებას გეგმავს, რაც გუნდს 1991 წლის შემდეგ არ გაუკეთებია. ედი ჯონსის გუნდი ჯგუფში სამოას, სამხრეთ აფრიკის, შოტლანდიისა და აშშ-ის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.

 

კომენტარები