გიგა ბოკერიას განცხადება

ბოკერია: მთავრობა ჟენევის ფორმატის მოლაპარაკებებს უუნაროდ აწარმოებს

გიგა ბოკერია
ტაბულა

მოლაპარაკებების ფორმატს მნიშვნელობა არ აქვს, თუ მთავრობამ არ იცის როგორ აწარმოოს ის - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერიას თქმით საქართველოსთვის ჟენევის ფორმატის შენარჩუნება მნიშვნელოვანია.

„ეს არის ფორმატი სადაც საქართველოსა და რუსეთს შორის არის მოლაპარაკებები ჩვენი საერთაშორისო ყველა მნიშვნელოვანი პარტნიორის მონაწილეობით, მაგრამ არცერთი კარგი ფორმატი არ არის არაფრის მომტანი თუ მთავრობა არ არის მოწადინებული, არ არის ფორმაში, არ აქვს ხედვა როგორ უნდა აწარმოოს მოლაპარაკება და ჩვენ ამას ვხედავთ ბოლო ორი წლის განმავლობაში როდესაც ჩვენ აღმოვჩნდით დარტყმის ქვეშ და თავდაცვით პოზიციაში ჟენევის მოლაპარაკებაში“ - განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით ჟენევის ფორმატი უნდა იყოს რუსეთზე ზეწოლის ინსტრუმენტი და არა პირიქით.

„ჩვენი მთავრობის პოზიცია უნდა იყოს და აქ არ იგულისხმება ის ხალხი, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობს მხოლოდ, იქ ბევრი კვალიფიციური ადამიანია, არამედ იგულისხმება პოლიტიკური ხელმძღვანელობა პირველ რიგში. მათი ამოცანაა უნდა იმუშაონ დედაქალაქებში, უნდა იმუშაონ ყველა ამ პარტნიორთან, რომ ჟენევის ფორმატი იყოს ზეწოლის ინსტრუმენტი ამ ვითარებაში რუსეთის ფედერაციაზე და არა პირიქით. დღის წესრიგში ის კი არ უნდა იდგეს, რომ საქართველო ვითომ რაღაცას ბლოკავს, ჭედავს რაღაც დოკუმენტს რომელიც თანათავმჯდომარეებმა მოამზადეს. არამედ პირიქით რუსეთი უნდა იყოს წნეხის ქვეშ. ეს წნეხი არის ნაწილი ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიის, იმისთვის რომ შევამციროთ საქართველოს წინაშე მდგომი საფრთხეები და საბოლოო ჯამში გადავწყვიტოთ ეს პრობლემა საერთაშორისო ზეწოლის მეშვეობით“ - განაცხადა მან.

ბოკერიას განცხადებით საქართველოს მთავრობის პოლიტიკური პასიურობის გამო, ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველომ უკან დაიხია.

„ერთი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ. ბოლო ორი წლის მანძილზე დღის წესრიგიდან პრაქტიკულად ამოვარდა, პოლიტიკური ხელმძღვანელობის პასიურობის გამო პირველ რიგში, საერთაშორისო უსაფრთხოების ფორმატით ჩანაცვლება რუსეთის საოკუპაციო ძალების ოკუპირებულ რეგიონებში. მე იმის თქმა კი არ მინდა, რომ სადმე ახლოს იყო ეს საკითხი და მალე მოხდებოდა. სამწუხაროდ არა, მაგრამ დიპლომატიის ამოცანაა რომ ის საკითხი იდგეს დღის წესრიგში პირველ რიგში, რომელიც ჩვენს ამოცანებს პასუხობს. გაქრა ეს საკითხი და დავუბრუნდით ისევ ძალის გამოუყენებლობის, საქართველო რატომ ბლოკავს ამას, ბლოკავს ბრჭყალებში რა თქმა უნდა, რადგან რუსეთია ის მხარე რომელიც ამას რეალურად ბლოკავს“ - განაცხადა ბოკერიამ. 

კომენტარები