ევროსაბჭოს თანამომხსენებლების ვიზიტი

სილევიჩი: რელიგიური უმცირესობების წინააღდეგ ინციდენტები უფრო გახშირდა

საქართველოში რელიგიური უმცირესობების წინააღდეგ ინციდენტები უფრო გახშირდა და სხვა ხარისხი შეიძინა. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებელმა საქართველოს საკითხებზე, ბორის სილევიჩმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების საქართველოში ვიზიტისას განხილულ იქნა რელიგიური უმცირესობების საკითხები და ის ინციდენტები, რომლებიც ბოლო პერიოდში მოხდა.

„ასეთი ინციდენტები ევროპაშიც ხდება. თქვენ არ ხართ უნიკალურები ამ მხრივ, მაგრამ ჩვენ მივიღეთ საჩივრები იმასთან დაკავშირებით, რომ კანონდამრღვევები სათანადოდ არ არიან დასჯილნი და სათანადო გამოძიება არ ჩატარებულა", - აღნიშნა სილევიჩმა.

მისი თქმით, ეს არ არის ახალი პრობლემა, არამედ ადრეც ხდებოდა, თუმცა თანამომხსენებელი მიიჩნევს, რომ ახლა სხვა ხარისხი შეიძინა და ასეთი ინციდენტები გახშირდა.

„ჩვენი რეკომენდაცია იქნება სწორი გამოძიების წარმოება ამასთან დაკავშირებით. ეს არის ისეთი რამ, რისი პრევენციაც სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ მას შეუძლია და უნდა მოახდინოს დამნაშავეების დასჯა. საქართველოს კანონმდებლობა ამ საკითხში სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს", - განაცხადა ბორის სილევიჩმა.

 

კომენტარები