ირაკლი ალასანია აშშ-ში

ირაკლი ალასანია ამერიკაში გაემგზავრა

ირაკლი ალასანია დღეს დილით ამერიკაში გაემგზავრა. თავდაცვის ყოფილ მინისტრს ვაშინგტონსა და ნიუ იორკში დაგეგმილი აქვს შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან და სხვა მაღალჩინოსნებთან. შეხვედრებზე განხილვის მთავარი თემა საქართველოში ბოლო პერიოდში შექმნილი პოლიტიკური ვითარება იქნება.

"ვაშინგტონში მექნება შეხვედრები იმ ადამიანებთან, ვინც ჩართულია საქართველოს მიმართ პოლიტიკის წარმოებაში ამერიკის მხრიდან. ასევე გვექნება საუბარი უსაფრთხოებაზე, პოლიტიკაზე. მივაწვდი ინფორმაციას, თუ რას და როგორ ვხედავ საჭიროდ, რომ აშშ, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, დაეხმაროს საქართველოს იმ პრობლემების, იმ შეცდომების გამოსწორებაში, რომელსაც უშვებს ხელისუფლება. საუბარი იმ ფორმაზე, რა ფორმითაც ბოლო კვირების განმავლობაში მათ განახორციელეს პოლიტიკური ნიშნით შემოტევა პოლიტიკურ ლიდერებზე. ის ქმედეები, რასაც აკეთებს პროკურატურა ჩვენი მისამართით, ამას აქვს პოლიტიკური სარჩული. დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკა იქნება ერთ-ერთ მთავარი მხარდამჭერი დემოკრატიული განვითარების", - განაცხადა ალასანიამ.

აშშ-ში ჩასვლამდე თავდაცვის ყოფილი მინისტრი შეხვედრებს კანადაშიც გამართავს, სადაც უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო ფორუმზეა მიწვეული. უსაფრთხოების ფორუმს საქართველოდან გიგა ბოკერია, ეკა ტყეშელაშვილი და დავით სიხარულიძეც დაესწრებიან.

"საქართველოს ახლა კიდევ უფრო სწრაფად სჭირდება ამერიკის და ნატო-ს მხარდაჭერა, რომ პოტენციური საფრთხეებისგან თავი დაიცვას. ეს საფრთხეები დღითი დღე იზრდება. თუ დავაკვირდებით, რა ხდება უკრაინაში, რუსეთის ნაბიჯები მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს სჭირდება ძალიან კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები, რათა ქვეყნის ტერიტორიაზე განთავსდეს რაც შეიძლება სწრაფად საწვრთნელი ბაზები, რაც მომავალში შემაკავებელ ფუნქციას განახორციელებს", - განაცხადა ალასანიამ.

კომენტარები