ქრონიკა+

TI: იმ გაზეთის ტირაჟი გაქრა, სადაც თანამდებობის პირთა ბიზნესინტერესებზე დაწერეს

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, გაზეთ ქრონიკა პლუსის 18 ნოემბრის ნომერი ორგანიზებულად ყველა დისტრიბუტორიდან ერთდროულად შეისყიდეს და ის საბოლოო მომხმარებლებამდე ვერ მივიდა. TI აღნიშნავს, რომ ნომერში გამოქვეყნებული იყო სტატია, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი ზედელაშვილის ოჯახის წევრებისა და ნათესავების მფლობელობაში არსებულ კომპანიებს მიმოიხილავს და აღწერს მათ მონაწილეობას სახელმწიფო ტენდერებში.

"სტატიაში მოხსენიებულია რამდენიმე სხვა თანამდებობის პირი, მათ შორის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ვაჟა ფანჩულიძე. მასალაში ასევე საუბარია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს აღმასრულებელი მდივნის ზვიად ჯანყარაშვილის ბიზნეს ინტერესებზეც. ჯანყარაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსია. სტატიიდან ირკვევა, რომ ყველა ზემოთ აღნიშნული პირი ერთმანეთს სხვადასხვა კომპანიებში არსებული საერთო წილების მეშვეობით უკავშირდება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გაზეთ „ქრონიკა +“-ის ბოლო გამოშვების შესყიდვა ორგანიზებულად ყველა დისტრიბუტორიდან ერთდროულად მოხდა და იგი საბოლოო მომხმარებლებამდე ვერ მივიდა. საერთაშორისო გამჭვირვალობა  საქართველომ ეს ინფორმაცია გადაამოწმა თბილისსა და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში (ბათუმი, ქუთაისი და ზუგდიდი) გაზეთების რამდენიმე ჯიხურში და აღმოჩნდა, რომ გაზეთი „ქრონიკა +“-ის 18 ნოემბრის გამოშვება არ იყიდება" - აცხადებს TI და აღნიშნავს, რომ თანამდებობის პირების შესაძლო ბიზნეს ინტერესები და მათთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი საკითხია.

"რადგან მსგავსი მასალები მოქალაქეებს აწვდის ინფორმაციას ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის შესაძლო შემთხვევებზე. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო არ ფლობს ინფორმაციას სტატიაში მოცემული ფაქტების სისწორის შესახებ, თუმცა, ის გარემოება, რომ გაზეთის ეს ნომერი გაყიდვაში არ არის, აჩენს ეჭვებს, რომ ადგილი ჰქონდა ინფორმაციის გავრცელების გამიზნულად შეფერხებას იმ მიზნით, რომ მოქალაქეებს ხელი არ მიუწვდებოდეთ თანამდებობის პირების შესახებ გამოქვეყნებულ კრიტიკულ ჟურნალისტურ მასალებზე" - ნათქვამია TI-ს განცხადებაში.

თავად გაზეთის რედაქტორი ვერ ადასტურებს, რომ გაზეთების მასობრივი გაქრობა გამოქვეყნებულ მასალას უკავშირდება. ელისო კილაძის თქმით, დაუდასტურებელი ინფორმაციით, გაზეთები კერძო პირებმა შეიძინეს.  რედაქტორის თქმით, მისი ეჭვები გაცილებით სკანდალურ თემებს უკავშირდება, რომელთა შესახებაც საჯაროდ ლაპარაკს ის უახლოეს მომავალში გეგმავს. 

კომენტარები