ტოლერანტობის დღე

16 ნოემბერს მსოფლიო ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

ტაბულა

16 ნოემბერს მსოფლიო ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე 1995 წლიდან UNESCO-ს ინიციატივით აღინიშნება და მისი მიზანი არატოლერანტობისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

ამ დღესთან დაკავშირებით, გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა გაეროს ოფიციალურ გვერდზე განცხადება გაავრცელა.

“ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს მოვუწოდებ ყველა ხალხს და მთავრობას, აქტიურად შეებრძოლონ შიშს, სიძულვილსა და ექსტრერმიზმს დიალოგით, ურთიერთგაგებით და ურთიერთპატივისცემით. მოდით, დავწინაურდეთ დამყოფი ძალების წინააღმდეგ და გავერთიანდეთ ჩვენი საერთო მომავლისთვის,” - აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.

ტოლერანტობის პრიციპების დეკლარაციის თანახმად, რომელსაც 1995 წლის 16 ნოემბერს პარიზში UNESCO-ს ინიციატივით გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა მოაწერეს ხელი, ტოლერანტობა ,,მსოფლიოს კულტურათა მდიდარი მრავალფეროვნების, თვითგამოხატვის ფორმებისა და ადამიანის ინდივიდუალობის გამოვლინების შესაძლებლობათა პატივისცემა, მიღება და მართებული გაგებაა. მას ხელს უწყობს ცოდნა, ღიაობა, ურთიერთობა და აზრის, სინდისისა და შეხედულებათა თავისუფლება. ტოლერანტობა – ესაა თავისუფლება მრავალფეროვნებაში. ეს არის არამარტო მორალური ვალი, არამედ პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნილებაც. ტოლერანტობა – სათნოებაა, რომელიც შესაძლებელს ხდის მშვიდობას და ომის კულტურის მშვიდობის კულტურით შეცვლას ეხმარება.”

ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება თბილისშიც გაიმართა. საქართველოს პრემიერმინისტრმა სიტყვა წარმოთქვა და გაახმაურა ინიციატივა, რომლის მიხედვით, თბილისში, ევროპის მოედანზე მდებარე სკვერს ტოლერანტობის სახელი მიენიჭება. 

“ტოლერანტობა არის ის დემოკრატიული ღირებულება, რომლის დასამკვიდრებლადაც დიდი ძალისხმევა ჩვენ არ დაგვჭირვებია არასოდეს და დარწმუნებული ვარ, რომ არ დაგვჭირდება მომავალში,” - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები