საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ტერიტორიული მთლიანობის გასაღები საქმის კეთებაშია. ამის შესახებ ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე, თბილისის პარლამენტის შენობის წინ სიტყვით გამოსვლისას თქვა, სადაც რუსულ ანექსიას აპროტესტებენ.
"ჩვენ 25 წლის წინ დავიწყეთ ბრძოლა ქვეყნისთვის, მტერს არ სძინავს. ჩვენ გვინდა მშვიდობა, მათ - ომი. დღეს ჩვენ ვაპროტესტებთ აფხაზეთის ანექსიას, ვაპროტესტებთ სამაჩაბლოს ანექსიას. საქართველოს საზღვრების შეღობვას. 25 წლის წინ დავიწყეთ საქმე და ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. უნდა გავიხსენოთ ჭავჭავაძის სიტყვები: საქმე, საქმეშია. ერთადერთი, რაც ჩვენ უნდა გავაუკეთოთ, ეს არის საქმე. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის გასაღები საქმის კეთებაშია", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ და აღნიშნა, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 2003 წელს ჩაიბარა გაუბედურებული, უიმედო საქართველო.
"ჩვენ ახალი საქართველო შევქმენით, რომელსაც მომავალი აქვს იმისთვის, რომ გაიმარჯვოს. უნდა დაიწყოს რეფორმების ახალი ტალღა, ჩვენს მიერ დაწყებული საქმეები ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. მოვუწოდებთ მთავრობას, რომ ყველა ჩვენი დაწყებული მშენებლობა დაასრულოს, თორემ მოვალთ და ამას ჩვენ დავასრულებთ. ჩვენ ვიქნებით ძლიერი, ერთიანი ძალა", - განაცხადა ვაშაძემ.





