თემურ ქეცბაია

თემურ ქეცბაიამ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა

Temur Ketsbaia
Tabula

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 14 ნოემბერს, დინამო არენაზე ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის მორიგი მატჩი პოლონეთის წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით - 0:4 დამარცხდა.

გლიკის, კრიხოვიაკის, მილასა და მილეკის გოლებს ქართველებმა ვერაფერი დაუპირისპირეს და ამ მარცხით, შეიძლება ითქვას რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი ფაქტობრივად დაკარგეს.

D ჯგუფში 4 ჩატარებულ მატჩში, პოლონეთს 10 ქულა აქვს და პირველ ადგილს იკავებს, მეორე, მესამე და მეოთხე პოზიციებზე კი შესაბამისად გერმანიის, შოტლანდიისა და ირლანდიის ნაკრებები 7-7 ქულით არიან. მეხუთე ადგილს საქართველო იკავებს სამი ქულით, ხოლო ბოლოზე გიბრალტარია - 0 ქულით.

აქამდე განაცხადა და მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე დაადასტურა - ქეცბაიამ საქართველოს ეროვნული გუნდი დატოვა. 

"სამწუხაროა, რომ საქართველოს ნაკრებში ჩემი მოღვაწეობა ასე დასრულდა. მე, როგორც რიგითი ქართველი, საქართველოს გულშემატკივრად დავრჩები", - განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

შეგახსენებთ, რომ ქეცბაიამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტს ხელი 2009 წლის 6 ნოემბერს მოაწერა.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ეროვნულ გუნდს მომდევნო შესარჩევი მატჩი შინ, გერმანიასთან 12 მარტს უწევს.

თუ როდის დასახელდება ჯვაროსნების ახალი დამრიგებლის ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია. ტაბულას ინფორმაციით, ეს 2014 წელს არ მოხდება.

კომენტარები