კახა ბენდუქიძე

ფადი ასლი: ბენდუქიძეს ხალხი ქვეყნის აშენების გამო დაიმახსოვრებს

ფადი ასლი ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონიალზე
facebook.com/iccgeorgia

კახა ბენდუქიძეს ხალხი იმიტომ დაიმახსოვრებს, რომ მან ქვეყანა ააშენა - ამის შესახებ საქართველოს ვაჭრობის საერთაშორისო პალატის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ განაცხადა.

ფადი ასლიმ მწუხარება გამოთქვა ბენდუქიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და საქართველოს განვითარებაში მის წვლილზე ისაუბრა.

„ძვირფასო მეგობრებო, კახა ბენდუქიძემ დაგვტოვა და მის გარდაცვალებასთან ერთად საქართველომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივი დაკარგა. კახას გარეშე საქართველო ვერ იდგებოდა ამ სიმაღლეზე, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი რეფორმატორი. კახა არა მხოლოდ წინ მიუძღოდა რეფორმებს, არამედ საკუთარი გამჭვირვალე ბიზნესითა და გადასახადების სრულად გადახდით, მისაბაძი მაგალითი იყო ბიზნესკომუნისთვის. კახა ბენდუქიძის გარდაცვალება არა მხოლოდ ოჯახის და მისი მეგობრების დანაკარგია, არამედ უდიდესი დანაკარგია საქართველოს ახალი თაობისთვის, რომელიც მას უყვარდა და ხელს უწყობდა. ოლიგარქების უდიდესი ნაწილისგან განსხვავებით, კახა ბენდუქიძეს ხალხი იმიტომ არ დაიმახსოვრებს, რომ მან ფული გააკეთა, არამედ იმიტომ, რომ მან ქვეყანა ააშენა. მშვიდად განისვენე, ჩემო მეგობარო. ჩვენ დაგვაკლდება შენი ტვინი, შენი გამოცდილება და შენი იუმორის გრძნობა“, - განაცხადა ასლიმ.

ცნობილი რეფორმატორი, ცოდნის ფონდის დამფუძნებელი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე 58 წლის ასაკში, ლონდონში გარდაიცვალა. მან გულის ოპერაცია გაიკეთა და გარდაცვალების სავარაუდო მიზეზიც სწორედ გულის უკმარისობა გახდა.

კომენტარები