NATO: უკრაინაში რუსული ჯარები შედიან

NATO -მ ბოლო დღეებში უკრაინაში რუსეთიდან სამხედრო ტექნიკისა და ჯარის გადასროლის ფაქტები დააფიქსირა. ამის შესახებ ევროპაში NATO -ს ძალების სარდალმა ფილიპ ბრიდლავმა განაცხადა.

„ბოლო ორი დღის განმავლობაში ვხედავთ იგივეს, რის შესახებაც იტყობინება ეუთო. ვხედავთ რუსული ტექნიკის, ძირითადად რუსული ტანკების, არტილერიის, ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების და რუსული საბრძოლო ქვედანაყოფების  კოლონების შესვლას უკრაინაში“, - განაცხადა, სააგენტო AFP-ს ცნობით, გენერალმა ბრიდლავმა სოფიაში ყოფნისას.

მისი თქმით, ალიანსს არ გააჩნია ზუსტი მონაცემები ამ ძალების რაოდენობის შესახებ, თუმცა დანამდვილებით შეძლება ითქვას, რომ უკრაინაში არაერთი სამხედრო კოლონის გადაადგილება დაფიქსირდა.

მანამდე ცნობა დონეცკის ოლქში სამხედრო ტექნიკის გადაადგილების შესახებ ეუთო-ს დამკვირვებლებმა გაავრცელეს. განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის ემზადება, გაერო-ში ქვეყნის წარმომადგენელმა იური სერგეევმა ტვიტერის მეშვეობით გაავრცელა. მისი მტკიცებით, ბოლო მოვლენები ამასთან დაკავშირებით ეჭვს აღარ იწვევს და გაერომ ამის შესახებ ინფორმაცია უნდა მიიღოს. დღეს უკრაინაში შექმნილ ვითარებას გაერო-ს უშიშროების საბჭო განიხილავს.

 

კომენტარები