გიორგი მარგველაშვილის ინტერვიუ

პრეზიდენტი: კულუარებიდან მართვაში ბიძინა არ მიგულისხმია

გიორგი მარგველაშვილი
liberali.ge

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მაესტროს ეთერში განმარტა, თუ რას გულისხმობდა ქვეყნის კულუარებიდან მართვაში. მარგველაშვილს თქმით, ეთერში ურთიერთობის გარდა ინფორმაციის უკან კიდევ პოლიტიკური პარტიები და ძალები იყვნენ. 


"როდესაც ეს განცხადება გავაკეთე, მე ვიყავი ავსტრიაში და ვადევნებდი თვალყურს იმას, რაც ხდებოდა საქართველოში და იმ დინამიკას, როდესაც ფაქტიურად ქვეყნის წამყვანი ძალოვანი სტრუქტურები, საგამოძიებო სტრუქტურა, თავდაცვის სამინისტრო და ა.შ. იყვნენ ღია ეთერულ დაპირისპირებაში. ეს ხომ არ არის სხვადასხვა ოპოზიციური ძალები ან ხელისუფლების სხვადასხვა შტოები ერთმანეთს ასე ეურთიერთებიან, ეს იყო ვითარება, როდესაც ერთი ჯგუფი, მთავრობის წევრები, თან ძალიან მნიშვნელოვანი წევრები ერთმანეთს ეურთიერთებოდნენ ეთერიდან და ამის უკან, რაღაც ინფორმაცია ტრიალებდა, რომ უკან კიდევ დგას პოლიტიკური პარტიები და ძალები. ერთია, როდესაც აქ ხარ და დამატებით ინფორმაციას იღებ, მეორეა, როდესაც ამას უყურებ მედიით და განცხადებების სახით. ბუნებრივია, ეს არასასიამოვნო იყო და განსაკუთრებით შემაშფოთებელი, რადგან მე არ ვიყავი ქვეყანაში. ამ ვითარებაში დავინახე ის, რასაც მანამდეც ვხედავდი, რომ ვითარება ხშირად განპირობებულია პიროვნული ფაქტორებით, პოლიტიკური ფაქტორებით და ნაკლებადაა სტაბილურ ინსტიტუტებზე ორიენტირებული"– განაცხადა მარგველაშვილმა.

მარგველაშვილმა უარყო ის, თითქოს კულუარებიდან მართვაში ბიძინა ივანიშვილი იგულისხმა.

 "იმ მომენტში აქცენტი მქონდა არა ბიძინაზე, რადგან არ იყო წინა პლანზე წამოსული ბიძინა, მაგრამ ჩემი განცხადების შემდეგ მოხდა ბიძინას მისვლა, ბუნებრივია, მთელი ამ განცხადების აქცენტის გადატანა მოხდა ბიძინაზე, რადგან იგი მივიდა სხდომაზე და მონაწილეობდა მასში. თუმცა იმ მომენტში უფრო მაშფოთებდა ის, რომ პროკურატურისგან ინფორმაციას ფლობდნენ პოლიტიკოსები, ხან ვიგებდით, რომ ამ ინფორმაციას არ ფლობდნენ პოლიტიკოსები, ვიგებდით, საიდუმლო დოკუმენტებს გრიფი ეხსნება, ან არ ეხსნება. ეს ვითარება იმ მომენტში უფრო მაშფოთებდა, თუმცა ჩემი განცხადების შემდეგ ბიძინა უშუალოდ ჩაერთო ამ პროცესში"– განმარტა მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადება ავსტრიაში გააკეთა, სადაც განაცხადა, რომ ქვეყანა ძლიერი ინსტიტუტებით უნდა იმართებოს და არა კულუარებიდან.

კომენტარები