აფხაზეთის რკინიგზა

ენმ: გაასაჯაროეთ აფხაზეთის რკინიგზის შესახებ დადებული გარიგების შინაარსი

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, "დღეს ცნობილი გახდა საიდუმლო მოლაპარაკებების შესახებ, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება მართავს რუსეთისა და სომხეთის მთავრობებთან, ასევე აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებთან". წიკლაური სომხეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრის მოადგილის არტურ არაკელიანის ინტერვიუს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთის რკინიგზის ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით დახურული მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

"სომხეთის ტრანსპორტის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მხარეთა შორის შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია და უახლოეს ხანებში გაკეთდება მნიშვნელოვანი განცხადება რკინიგზის აფხაზური მონაკვეთის გახსნის თაობაზე. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამოხატავს შეშფოთებას ოკუპანტ ქვეყანასთან, ქართველი ხალხის ზურგს უკან მიმდინარე მოლაპარაკებების გამო, განსაკუთრებით  იმ ვითარებაში, როდესაც რუსეთი ახორციელებს ქართული მიწების ანექსიას, როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში და თრუსოს ხეობაში. მივმართავთ ხელისუფლებას, სასწრაფოდ გახადოს საჯარო ხსენებული გარიგების შინაარსი და შეწყვიტოს ოკუპანტ ქვეყანასთან ფარული კომუნიკაციის მავნებლური პრაქტიკა საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს 15 ნოემბრის სახალხო დემონსტრაციაში მონაწილეობისაკენ, რათა ერთად გავაპროტესტოთ საქართველოს მთავრობის კაპიტულანტური და უუნარო პოლიტიკა და ერთად დავიცვათ საქართველოს ეროვნული ინტერესები", - განაცხადა წიკლაურმა.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრის პირველმა მოადგილემ არტურ არაკელიანმა სომხურ საინფორმაციო სააგენტო Tert.am-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ აფხაზეთის რკინიგზის ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით დახურული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. არაკელიანის თქმით, საკითხი უფრო მეტად პოლიტიკურია, ვიდრე ეკონომიკური და მთავარ ამოცანას საქართველოს და აფხაზეთის მხარეებთან მოლაპარაკება წარმოადგენს.

არაკელიანის ინფორმაციით, სამივე ქვეყნის - საქართველოს, სომხეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ხაზს უსვამენ, რომ ამ პროექტის განხორციელება შესაძლებელია. ის ასევე აღნიშნავს, რომ უკანასკნელ პერიოდში დამაიმედებელი განცხადებებისთვის უფრო მეტი საფუძველია. რაც შეეხება განახლების ხარჯებს, კონკრეტული გათვლები არ არსებობს, თუმცა თუ საკითხს დადებითად გადაწყვეტენ, დაფინანსებასთან დაკავშირებით კითხვები არ წამოიჭრება.

კომენტარები