აფხაზეთის რკინიგზა

მინისტრები აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე მოლაპარაკებებს გამორიცხავენ

მინისტრთა კაბინეტის წევრები აფხაზეთის რკინიგზის ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გამორიცხავენ. ამის შესახებ მათ დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრეს. 

"ჩემს ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაციით, არაფერი არ ხდება ამ მიმართულებით. საერთოდ არაფერი არ ხდება. რაც ხდებოდა 2 წლის უკან, ის ხდება დღეს. ანუ არავითარი მოძრაობა არაა. არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, არანაირ დონეზე საერთოდ. საქართველოს მხრიდან არანაირი პროცესი არ მიმდინარეობს", - თქვა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, "მე რამდენადაც წავიკითხე ეს განცხადება, ის ეყრდნობა რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელის განცხადებას. იქ არ მინახავს ასეთი რამე, რომ ჩვენ ვიყოთ  მოლაპარაკებაში. მე ვერანაირად ვერ დავადასტურებ ამას, იმიტომ, რომ ამ ეტაპზე ცნობილი მიზეზების გამო არანაირი მოლაპარაკება ამ მიმართულებით არ მიმდინარეობს".

შეგახსენებთ, რომ სომხეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრის პირველმა მოადგილემ არტურ არაკელიანმა სომხურ საინფორმაციო სააგენტო Tert.am-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ აფხაზეთის რკინიგზის ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით დახურული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. არაკელიანის თქმით, საკითხი უფრო მეტად პოლიტიკურია, ვიდრე ეკონომიკური და მთავარ ამოცანას საქართველოს და აფხაზეთის მხარეებთან მოლაპარაკება წარმოადგენს.

არაკელიანის ინფორმაციით, სამივე ქვეყნის - საქართველოს, სომხეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ხაზს უსვამენ, რომ ამ პროექტის განხორციელება შესაძლებელია. ის ასევე აღნიშნავს, რომ უკანასკნელ პერიოდში  დამაიმედებელი განცხადებებისთვის უფრო მეტი საფუძველია. რაც შეეხება განახლების ხარჯებს, კონკრეტული გათვლები არ არსებობს, თუმცა თუ საკითხს დადებითად გადაწყვეტენ, დაფინანსებასთან დაკავშირებით კითხვები არ წამოიჭრება.

კომენტარები