პატიმრის ცემა

სასჯელაღსრულება: პატიმრები არ უცემიათ, შემაკავებელი ღონისძიებები გამოვიყენეთ

ტაბულას დაუკავშირდა წყარო, რომლის ინფორმაციით, ქუთაისის მეორე საპყრობილეში სამ პატიმარს სცემეს. ნაცემ პატიმართა შორის მისი ქმარი და მაზლი არიან.

წყაროს თქმით, პატიმრებს  4 ნოემბერს გამართული სასამართლო პროცესის შემდეგ სცემეს, რის გამოც ისინი 5 ნოემბერს სასამართლოში ვეღარ გამოცხადნენ, რისი მიზეზიც ახლობლებისთვის აუხსნელი იყო. მოგვიანებით პატიმრები ადვოკატმა მოინახულა და მას ცემის ფაქტის შესახებ მოუყვნენ.

ტაბულა ცნობის გადასამოწმებლად  სასჯელაღსრულების სამინისტროს დაუკავშირდა. სამინისტრომ პატიმრების ცემის ფაქტი არ დაადასტურა. პრესსამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთმა პატიმარმა წინაღმდეგობა გაუწია ბადრაგს და შემდეგ თავად მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა. ამ ფაქტზე მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

„ამ დაპირისპირებაში  ჩაება მისი ძმაც და ორივე ძმის მიმართ გამოყენებული იქნა შემაკავებელი ღონისძიებები. რაც შეეხება ცემის ფაქტს, მსგავსი არ დაფიქსირებულა,“ - ამბობენ სამინისტროში.

ტაბულას კითხვაზე, თუ რა იგულისხმება შემაკავებელ ღონისძიებებში პრესსამსახურმა აღნიშნა, რომ იგულისხმება ღონისძიებები, რომლებიც სიტუაციის განეიტრალებას ისახავს მიზნად, თუმცა უფრო კონკრეტულად არ ფლობენ ინფორმაციას რა ღონისძიება იყო გამოყენებული.

პრესსამსახურში აღნიშნეს, რომ პატიმარმა წინააღმდეგობა ბარდაგს მაშინ გაუწია, როდესაც ბრალდებული ერთი წერტილიდან მეორეში გადაჰყავდათ.

„ბადრაგი მსჯავრდებულთან თუ ბრალდებულთან ურთიერთობს მაშინ, როცა ხდება საკნიდან საკანში ან დაწესებულებიდან დაწესებულებაში გადაყვანა. როდესაც მსჯავრდებული ან ბრალდებული მოძრაობაშია, გადაჰყავთ ერთი წერტილიდან მეორეში. ამ პროცესში გაუწია წინააღმდეგობა,“ - ამბობს პრესსამსახური.

კომენტარები