საქართველოს პრეზიდენტის განცხადება

კვერენჩხილაძე: პრეზიდენტი უფლებამოსილია მიმართოს ხალხს და პარლამენტს

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ, პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ პარლამენტში გამოსვლის მოთხოვნის შესახებ განმარტება გააკეთა. მან ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომ "პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა ჩვენს სურვილზე არ არის დამოკიდებული".

"საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მეოთხე პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია მიმართოს ხალხს და პარლამენტს. ამ შემთხვევაში სწორედ ეს პარლამენტის მიმართვა იგულისხმება. პრეზიდენტმა გუშინ ავსტრიიდან ჩამოსვლისთანავე ამის თაობაზე გააკეთა განცხადება, შესაბამისად, ჩვენ მივმართავთ უკვე ოფიციალურად პარლამენტს, რომ უახლოესი დღეების პლენარული სხდომების დღის წესრიგში გაითვალისწინოს პრეზიდენტის მიმართვა საქართველოს პარლამენტისადმი.

ჩვენ ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ პრეზიდენტის უფლებაზე მიმართოს პარლამენტს. იმ მოხსენების [ყოველწლიური მოხსენება ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ] პროცედურები რეგულირდება პარლამენტში და ეს არის წელიწადში ერთხელ, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის დასაწყისისთანავე. რაც შეეხება ასევე კონსტიტუციურ უფლებამოსილებას პრეზიდენტისას, რომ მიმართოს ხალხსა და პარლამენტს, ეს უფლებამოსილებები შესაძლოა პირდაპირ არ არის გაწერილი პარლამენტის რეგლამენტში, თუმცა პარლამენტის ბიურო არის ის ორგანო, რომელიც წყვეტს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგისა და ნებისმიერი საკითხის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში ჩასმის საკითხს", - განაცხადა კვერენჩხილაძემ.

მისივე თქმით, ამის თაობაზე პარლამენტს პრეზიდენტი დღეს-ხვალ, ოფიციალურად, წერილობითი ფორმით მიმართავს. კვერენჩხილაძის თქმით, პრეზიდენტი ასევე მაქსიმუმ ხვალ მიმართავს მთავრობას თხოვნით მთავრობის სხდომაზე ცალკეული საკითხების განხილვის შესახებ. განხილვას, მისი თქმით, პრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს წევრები დაესწრებიან. 

"პრეზიდენტი კონსტიტუციის 78-ე მუხლის მეექსე ნაწილის შესაბამისად, არის უფლებამოსილი მთავრობას მიმართოს მოთხოვნით, რომ გაითვალისწინოს მთავრობის სხდომის დღის წესრიგში ცალკეული საკითხი. ცალკეული საკითხების განხილვას ესწრება თავად პრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს წევრები. ეს გაცხადებული იყო გუშინ, გვიან ღამით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ, ამის თაობაზე დღეს, ხვალ მაქსიმუმ გაეგზავნება უკვე წერილობითი მიმართვა და წერილობითი შეტყობინება საქართველოს მთავრობას, რათა უახლოესი მთავრობის სხდომის დღის წესრიგში პრეზიდენტის მიერ დასმული საკითხი იქნას გათვალისწინებული.

მე მინდა გითხრათ, რომ მთავრობასთან პრეზიდენტმა გააკეთა დეკლარირება საკითხისა, ეს გახლავთ ევროსტრუქტურებთან და ნატოსთან ინტეგრაციის საკითხისა და, აი ამ საკითხების იმპლემენტაციის, შესრულების ანგარიშის მოსმენა. ხოლო რაც შეეხება საქართველოს პარლამენტისადმი პრეზიდენტის მიმართვას, შეეხება სახელმწიფოს სტრატეგიული კურსის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს", - განაცხადა საპარლამენტო მდივანმა.

კომენტარები