საპატიო მოქალაქე

გურჯაანის საპატიო მოქალაქის წოდება გურჯაანის რაიკომის პირველ მდივანს მიანიჭეს

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, 1 ნოემბერს გამართულ გურჯაანქალაქობაზე გურჯაანის საპატიო მოქალაქის წოდება გურჯაანის რაიკომის პირველ მდივანს, ბიჭიკო შინჯიაშვილს მიანიჭეს. გამგებლის გია გერგიძის თქმით, შინჯიაშვილმა რაიონის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. მისი განცხადებით, "მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტები იყვნენ, პიროვნებებს პატივი უნდა ვცეთ, აქ წყობა და ის არაფერ შუაშია". გერგიძე კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აღნიშნავს, რომ შინჯიაშვილმა რაიკომის პირველი მდივნის პოსტზე ყოფნისას, გურჯაანისთვის ძალიან ბევრი გააკეთა.

"რომ ნახოთ გურჯაანის განვითარებისთვის მაშინ რა თანხები წამოვიდა. რაღაც კრიტერიუმები არსებობს. შეიძლება თქვენ ვერ მოესწარით, მაგრამ სხვა მოესწრო, უფროსი თაობა მოესწრო", - განუცხადა ICK-ს გია გერგიძემ და აღნიშნა, რომ გურჯაანის საპატიო მოქალაქეები მოსახლეობის გამოკითხვის საფუძველზე, ასევე გამგეობის და საკრებულოს გადაწყვეტილებით შეარჩიეს.

გურჯაანის საპატიო მოქალაქეებად ასევე დასახელდნენ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, გადაცემა ეტალონის წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი, კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე, ჰელსინკის XV ოლიმპიური თამაშების პირველი ქართველი ჩემპიონი ქალი მზია ჯუღელი, გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალის ექიმი ლალი დარჩიაშვილი, საქართველოს სამხედრო მეცნიერების აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს სამხედრო აკადემიის პრეზიდენტი, ნობელის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის ნომინანტი ეკონომიკაში გივი იასაშვილი, საზოგადოება გურჯაანის საპატიო წევრი, მშენებელ-ინჟინერი დავით ლაღიძე და არქეოლოგი თამაზ მარკოზაშვილი.

გურჯაანქალაქობა ათი წელია იმართება.

აქვე შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ, ტყიბულის ცენტრში, რაიონის გამგეობის გადაწყვეტილებით, კომუნისტური პარტიის რაიკომის ყოფილი პირველი მდივნის, კარლო მელენტის ძე ლომაძის ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა. ადგილობრივი საკრებულო ბიუსტის დადგმის წინააღმდეგი იყო, თუმცა გამგებელმა გადაწყვეტილება არ შეცვალა და ბიუსტის დადგმა იმით ახსნა, რომ კარლო ლომაძეს რეგიონისთვის ბევრი რამ აქვს გაკეთებული.

კომენტარები