თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები

პრემიერი ალასანიას პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე: დაველოდოთ გამოძიებას

ირაკლი ღარიბაშვილი დუისში
Irakli Garibashvili Official

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით გადაცემა რეაქციაში საუბრისას განაცხადა, რომ მას ბევრი კითხვა აქვს ამ "სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულთან" დაკავშირებით, ხოლო მინისტრი ალასანია ჯერ არ უნახავს. 

"მიმაჩნია რომ მძიმე საქმეა და მე განვიცადე და განვიცდი ამ საქმეს. ბუნებრივია ამას გულგრილი ვერ შევხვდები, როცა საქმე ეხება ჩემი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მინისტრის, თავდაცვის უწყებას და იქ აგორებულ „სკანდალს" როგორც თქვენ ამბობთ და იქ არსებულ შესაძლო, სავარაუდო კორუფციულ საქმეს და იქ არსებულ გამოძიებას და ხუთი ადამიანის დაკავებას, რა თქმა უნდა მეც ვგრძნობ ჩემ წილ პასუხისმგებლობას და ვალდებულებას, რომ მოსახლეობას განვუმარტო რასთან გვაქვს საქმე. არის მართლა რეალურად ასეთი ფაქტი, არ არის. რა თქმა უნდა გამოძიება უნდა ჩატარდეს ობიექტური, გამჭვირვალე, არც ერთი კითხვა არ უნდა დარჩეს საზოგადოებაში. არსად, არც ქვეყანაში და არც ქვეყნის გარეთ და მეორე მხრივ, სასამართლომ უნდა მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ჩვენ.

მეც მაქვს შეკითხვები, რა თქმა უნდა მძიმეა, ვინაიდან არ მინახავს მინისტრი ალასანია, მეც ვაპირებ საუბარს, თვითონაც დაინტერესდება და განმარტავს მოქალაქეებისთვის თუ რასთან გვაქვს საქმე. ამას გარკვევა სჭირდება. ამასთან ასეთი გულგრილი დამოკიდებულება არ შეიძლება. ის რაც ჩვენ მოვისმინეთ პროკურატურისგან, თუ ეს ასეა და ის სავარაუდო დანაშაული რომელზეც საუბარია დამტკიცდება, რა თქმა უნდა მძიმე გადაწყვეტილება იქნება. და მძიმე პასუხისმგებლობას დააყენებს სამინისტროს მაღალჩინოსნების" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე გულისხმობს თუ არა ამ მაღალჩინოსნებში თავად მინისტრ ალასანიასაც პრემიერმა განაცხადა - "მე ვერ გეტყვით, მე არ ვარ გამომძიებელი, მე არ ვარ პროკურორი, მე მინდა გითხრათ რომ ორივე უწყება რეალურად ჩემს დაქვემდებარებაშია პირდაპირ თუ არაპირდაპირ. მე ორივეს განვიცდი - თუ ერთმა ვერ დაამტკიცა მეორის დანაშაული ან პირიქით მოხდა. რა თქმა უნდა ეს ჩემთვის ორივე შემთხვევაში არის მტკივნეული. მე ამას განვიცდი, რომ ჩემ მთავრობას ეხება" - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

კითხვაზე, დადგება თუ არა ორიდან ერთ-ერთი უწყების პასუხისმგებლობა, ბრალის დამტკიცების ან საპირისპირო შემთხვევაში, პრემიერმინისტრმა განაცხადა რომ ის ასე არ დასვამდა საკითხს:

"სამინისტრო უნდა იყოს მოტივირებული, რომ ნებისმიერ კითხვას გასცეს პასუხი. მათ შორის საჯაროდაც და პირადად მინისტრმა. თუნდაც ის ფაქტი რაც ჩვენ მოვისმინეთ, რომ კითხვები იმაზე რომ ტენდერი როგორ ჩატარდა, ან კაბელი რომელიც გაიყვანეს რამდენად მიზანშეწონილი იყო ამის გაკეთება. ეს ცალკე საკითხია. მეორე საკითხია როგორ ჩატარდა ტენდერი. ხომ არ მოხდა რაიმე დარღვევა. იმიტომ, რომ კითხვები არის, ძალიან მოკლე ვადაში მოხდა ტენდერის ჩატარება...

5 მილიონი გამოიყო სარეზერვო ფონდიდან თავდაცვის სამინისტროს, მაშინ მორჩენილი გვქონდა და მიეცა სამინისტროებს. ეს 5 მილიონი არის ავანსის სახით მიცემული და შემდეგ სულ რაღაც ორ კვირაში დამატებით 1.5 მილიონი... მე ეს არ ვიცოდი, ჩემთვის რომ ეკითხა მე ვეტყოდი, როგორც მინიმუმ რჩევას მივცემდი. კითხვებზე პასუხი საჭიროა. საზოგადოებამ უნდა გაიგოს რატომ გადაიხადა თავდაცვის სამინისტრომ ამ კაბელში 6.5 მილიონი და ჯდებოდა 2.5 მილიონი და 4 მილიონი გაიფლანგა სავარაუდოდ, თუმცა ამას დამტკიცება სჭირდება და ერთი ხელის მოსმით ვერ იტყვი" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა პრემიერი ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, ღარიბაშვილი პასუხობს:

"მე არაფერს ვიტყვი ამასთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიებას. ჩვენ უნდა გავყვეთ როგორ განვითარდება მოვლენები. მინისტრი ჩამოვა, კითხვებს გასცემს პასუხს და პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე. ჩვენ ვართ უკომპრომისო, როცა საქმე ეხება შესაძლო, სავარაუდო კორუფციულ გარიგებებს თუ მძიმე დანაშაულს. როცა საუბარია 4 მილიონი ლარის გაფლანგვაზე და აქ არის მძიმე კითხვები, ამაზე ჩვენ გულგრილი ვერ ვიქნებით. როცა მე აღარ ვიქნები პრემიერმინისტრი, როცა იქნება, ხომ იქნება.

როცა მე ვიყავი შს მინისტრი, პასუხისგებაში მივეცით გელა ხვედელიძე, რომელიც იყო და არის ჩემი მეგობარი, თქვენ გგონიათ ჩემთვის ადვილი იყო ამის გაკეთება? რა თქმა უნდა არა. მაგრამ ჩემთვის, არის მთავარი სახელმწიფოს ინტერესები და ხალხის ინტერესები. ასე რომ მე არ ვაპირებ ვინმეს და ვიღაცას, თუნდაც მე ვიყო, გადავაყოლო სახელმწიფოს ინტერესები. ჩემი შვილი რომ იყოს, ჩემი საკუთარი ოჯახის წევრი რომ იყოს, მე აბსოლუტურად უკომპრომისო ვიქნები ამ ბრძოლაში. ეს პრაქტიკა დამკვიდრებული იყო ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის დროს" - თქვა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები