დაკავება პრემიერის სახლთან

ადვოკატი: ტაბულას ფოტოგრაფის თქმით, უფორმო პოლიციელი დაეჯახა და რაცია გაუვარდა

primetimenews.ge

ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის ინფორმაციით, ის პირადად ესაუბრა ტაბულას ფოტოგრაფს ალექსანდრე გიორგაძეს. მისი თქმით, დაკავებულმა უთხრა, რომ უფორმო პოლიციელი დაეჯახა და რაცია დაუვარდა. როგორც ადვოკატი ფოტოგრაფზე დაყრდნობით აცხადებს, გიორგაძემ თავად მიაწოდა პოლიციელს ძირს დავარდნილი რაცია, რის შემდეგაც დააკავეს. 

"პირადად ვესაუბრე ტაბულას ჟურნალისტს. აცხადებს, რომ ის საერთოდ არაფრის გამოა დაკავებული, იდგა ჩვეულებრივ, იღებდა ფოტოებს, დაეჯახა პოლიციის თანამშრომელი, რომელიც როგორც თავად აცხადებს, უფორმო ყოფილა. რაცია რომ გაუვარდა, მხოლოდ ამის შემდეგ შეიტყო, რომ პოლიციის თანამშრომელი იყო. გიორგაძემ თავად მიაწოდა რაცია, რომელიც დაბლა ეგდო, ამის შემდეგ კი, აუყვანიათ და წაუყვანიათ. რა არის ამაში ან წინააღმდეგობის გაწევა, ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ან წვრილმანი ხულიგნობა საერთოდ? მიმაჩნია, რომ სასამართლო ამ ყველაფერს გაითვალისწინებს", - აცხადებს ველიჯანაშვილი.

მისივე ინფორმაციით, გუშინდელი აქციის დროს დაკავებული ლევან კვარაცხელიას საქმე გადაკვალიფიცირდა და დაკავებული, ადმინისტრაციულის ნაცვლად, სისხლის სამართლის საქმით სამართალდამრღვევად ცნეს.

"ეს არის ცალკე დარღვევა, რადგან იქ მყოფებმა, დამკავებელმა პირებმა ადმინისტრაციულად განიხილეს (მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღევვაც არ არის) და დღეს აღმოჩნდა, რომ თურმე, სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება ჩაუდენია", - აღნიშნავს ადვოკატი.

19 ოქტომბრის საღამოს, პრემიერ ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან, მოსაშვილის 10-ში, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მხარდამჭერები აქციას მართავდნენ ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის, ტაბულას ფოტორეპორტიორი ალექსანდრე გიორგაძე დააკავა.

დემონსტრანტების ცნობით, პოლიციამ აქციაზე პროვოკატორები შეგზავნა, რომლებიც მათი მისამართით იგინებოდნენ. დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა, რის შემდეგაც პოლიციამ რამდენიმე პირი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა. ბაჩო ახალაიას მხარდამჭერები პრემიერის სახლთან, ღარიბაშვილის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლას აპროტესტებდნენ. მათ ამავე შინაარსის ტრანსპარანტები ეჭირათ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტაბულას ფოტოგრაფი ალექსანდრე გიორგაძე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. ამასთან, შსს-ს მტკიცებით, გიორგაძემ პოლიციის თანამშრომელს რადიოგადამცემი ამოაცალა. ადვოკატ ოთო კახიძის განცხადებით კი, ამის შესახებ არაფერი წერია დაკავების ოქმში.

შსს-ს ინფორმაციითვე, ხუთი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს, ხოლო ერთი - ლევან კვარაცხელია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობას ჩადენილს ძალადობით.

კომენტარები