ოქრიაშვილი სკანდალში

დისციპლინის დარღვევის გამო, გენკმა ოქრიაშვილი სარეზერვო გუნდში დააქვეითა

sport.be

საფეხბურთო კლუბმა გენკმა მიიღო გადაწყვეტილება თორნიკე ოქრიაშვილის დუბლებში გადაყვანის შესახებ, იუწყება კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

როგორც გენკის განცხადებიდან ირკვევა, ქართველმა ნახევარმცველმა (ვინც რამდენიმე დღის წინ საქართველოს ნაკრების მაისურით გიბრალტარს გოლი გაუტანა), კვლავ დააგვიანა ვარჯიშზე და მისი დასჯა სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს.

"სანაკრებო ვალდებულების მოხდის შემდეგ, ოქრიაშვილი დღეს დილით ვარჯიშზე უნდა გამოცხადებულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. მწვრთნელებს - ალექს მაკლიშს, გიუნტენ იაკობსა და გენერალურ მენეჯერ პატრიკ იანსენს შორის გამართული კონსულტაციის შედეგად, გადაწყდა, რომ ფეხბურთელი სარეზერვო გუნდში გადაინაცვლებს. ამის მიზეზი პროფესიონალი ფეხბურთელისთვის შეუფერებელი საქციელია", - ნათქვამია გენკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ოქრიაშვილს მსგავსი პრობლემა ბელგიურ კლუბში გასული სანაკრებო პაუზისასაც შეექმნა. საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებების თამაშის შემდეგ, ოქრიაშვილი კლუბში დროულად არ გამოცხადდა. ბელგიურ პრესაში გავრცელდა კლუბის მთავარი მწვრთნელის, ალექს მაკლიშის კომენტარი, სადაც ის უკმაყოფილებას გამოთქვამდა ნახევარმცველის საქციელით და აცხადებდა, რომ განიხილავდა საკითხს. სექტემბერში ოქრიაშვილი არ დასაჯეს, ახლა კი, განმეორების შემდეგ, ფეხბურთელი B გუნდში გადაიყვანეს.

ასევე შეგახსენებთ, რომ თორნიკე ოქრიაშვილი ბელგაში უფრო დიდ სკანდალშიც გახვეულა. აგვისტოში, ფეხბურთელი თანაგუნდელს ეჩხუბა, შემდეგ ნასვამ მდგომარეობაში მანქანას მართავდა, როდესაც პოლიციამ გააჩერა. ქართველმა ღამე პოლიციის განყოფილებაში გაატარა, გენკმა კი ფინანსური ჯარიმა დააკისრა.

თუმცა, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ თორნიკე ოქრიაშვილი გენკის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და ბელგიის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც რამდენჯერმე მოხვდა.

კომენტარები